საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად დღეიდან, 6 აგვისტოდან იურიდიულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართო კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს - იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე - ჩაერთონ ამ უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ პროცესში.
„სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისათვის.
მოვუწოდებ აკადემიურ წრეებს, ჩაერთონ შერჩევის პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს, დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, რომელსაც ექნება მხარდაჭერა საზოგადოების იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისათვის.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.
შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტი და ამ დარგის სპეციალისტი აღნიშნავდა: სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს.
ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამართლებრივი პროცესის და საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან მე ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს, ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით რთული ხდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდნენ.
„არაერთი მოსამართლე, ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც სასამართლო სისტემაშია. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ერთ-ერთი ქალბატონია აღბეჭდილი. ფოტოდან ჩანს, რომ ეს ორი პიროვნება საკმაოდ ახლო ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან. ფოტოს განმარტებებიდან კი ვგებულობთ, რომ უცნობი ქალბატონი ნინო ბაგრატიონია და მას მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის სკამის დასაკავებლად ამზადებს.
„გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს. ბაგრატიონი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო მარგველაშვილის პროტოკოლის უფროსი და ერთ-ერთი მსხვილის რესტორნის მენეჯერი. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონი ირაკლი ალასანიას გუნდის ყოფილი წევრი და მაია ფანჯიკიძის ახლო ნათესავია. მარგველაშვილი მის კანდიდატურას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარადგენს”, _ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.