სამართალი
გიორგი გახარია: „ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების“ - საქინფორმი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გათვლა სრულად გამართლდა

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ თანატოლების მიერ ჩხუბის დროს ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის თავად ფაქტი ორი მიზეზით თავიდანვე შიშს იწვევდა: საქინფორმი ვარაუდობდა, რომ არაპროფესიონალთა მუშაობა, როგორებიც არიან პარლამენტარები, სანახაობრივ ფარსად გადაიქცევა, ხოლო კომისიის დაკომპლექტება, ძირითადად, ოპოზიციური დეპუტატებით მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობიდან“, რომლებმაც თვითონაც ბევრი მძიმე დანაშაული და გაყალბება ჩაიდინეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ანგარიშსწორების იარაღი გახდება. საქინფორმის უცხოელ მკითხველებს შევახსენებთ, რომ კომისიის მუშაობას ტონს აძლევენ „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სახეები - სერგი კაპანაძე (თავმჯდომარე), გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი და სხვ.

საქინფორმის შიში გასულ კვირას დადასტურდა, როდესაც კომისიამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. კომისიის წევრების დემაგოგიურ, პიარზე გათვლილ შეკითხვებზე პასუხისას გახარიამ მათ ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. ამავე დროს, საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გათვლა - კომისიის დაკომპლექტება მთავარი მოწინააღმდეგეებით ოპოზიციიდან - სრულად გამართლდა: ოპოზიციამ კომისიის მუშაობა ჩაშალა და მმართველი პარტიის კი არა, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარია არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიების ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ილაპარაკა. რაც შეეხება თვითონ გამოძიების პროცესს, კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც იმ 30 დღის განმავლობაში გავაკეთეთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგალითად, და მოგმართავთ სულ მალე თხოვნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ეს შეზღუდვა 40 დღეზე უნდა შეიცვალოს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელი, ვიდრე სრულწლოვანების და ეს შეზღუდვა რეალურად რა ობიექტური არგუმენტებით არის გაკეთებული, არ ვიცით. ალბათ, ესეც გასაკეთებელია და ასეთი დასკვნები გავაკეთეთ ბევრი. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არ ჩატარდა კალანდიას სახლში ჩხრეკა, არ ჩატარდა რაღაც გარკვეული სატელეფონო საუბრების ამოღება - რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევაფასოთ ხარვეზად და თქვენ ამის ობიექტური საშუალება გაქვთ. და ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რატომ აკეთებთ ამას?! არა, უბრალოდ მარტივ კითხვას ვსვამთ, როცა ამბობთ, რომ ეს არის ხარვეზი, უნდა მომიტანოთ მაშინ მე მაგალითი პირდაპირი და კონკრეტული რა მიზეზშედეგობრივი კავშირი ჰქონდა ამას დამდგარ შედეგთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.