პოლიტიკა
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება მილიტარისტურ განწყობებში, რუსეთზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ზეწოლაში დაადანაშაულა და სინანული გამოთქვა Noble Partner-ში სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობის გამო

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს პროვოკაციულ და მადესტაბილიზებელ ძალისხმევას შავიზღვისპირეთში. 1 აგვისტოს დაწყებული მრავალეროვნული სწავლებები Noble Partner 2018 საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. მათზე ამუშავებენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედებას თავდაცვისა და შეტევის დროს, მოწმდება სამხედრო-სასწავლო ობიექტების მზადყოფნა, ზურგის უზრუნველყოფის პოტენციალი და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადასროლის შესაძლებლობები. გამოიყენება უცხოური მძიმე ტექნიკა: ტანკები „აბრამსი“, ჯავშანტრანსპორტიორები „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, ასევე მრავალსამიზნიანი და დამკვრელი ვერტმფრენები „ბლექ ჰოუკი“ და „აპაჩი“.

ვერ დავეთანხმებით განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლებები მიმართულია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. აშკარაა, რომ მათი ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე და რუსეთზე, ხოლო რეალური შედეგი - საქართველოს ხელისუფლების მილიტარისტული განწყობის გამოკვება და ამიერკავკასიში დაძაბულობის გარდაუვალი ესკალაცია.

დასანანია, რომ სხვადასხვა საბაბით ამ საეჭვო ღონისძიებაში ჩართული აღმოჩნდნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც“,
– განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.