პოლიტიკა
„არ იდარდო!“ - რატომ გაათავისუფლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც იუსტიციის მინისტრის ზარებს არ პასუხობს - საქინფორმი

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომას „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ საქართველოში რატომღაც მოულოდნელად მიიჩნევენ, თუმცა ის დიდი ხნის მოსალოდნელი იყო და დააგვიანა კიდეც. რა თქმა უნდა, „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, ისევე, როგორც „საკუთარი სურვილით“ - სიცრუეა და სტანდარტული ფორმულირებები საბჭოთა წარსულიდან, როდესაც უფროსი არასასურველ თანამშრომელს უბრძანებდა, წასვლის განცხადებაში ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი მიეთითებინა, სხვაგვარად კი დიდი პრობლემებით ემუქრებოდა. მაგრამ როდესაც საქართველოს მთავარი მოსამართლე საზოგადოებას ატყუებს და თანამდებობიდან წასვლის ნამდვილ მიზეზს არ ასახელებს, ეს უკიდურესად უარყოფითად ახასიათებს პირადად მას - ამის შემდეგ მისგან რა სიმართლის იმედი შეიძლებოდა გვქონოდა?!

რესპუბლიკური პარტიის
(რომელიც ადრე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა) წევრის ნინო გვენეტაძის დანიშვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი საკადრო ჩავარდნა იყო - არანაკლები, ვიდრე პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის დე ფაქტო „დანიშვნა“. მან, როგორც სუსტმა მენეჯერმა, ვერ შეძლო სასამართლო სისტემაში რეფორმების ჩატარება და საქართველოში სამართლიანობის აღდგენისთვის ხელის შეწყობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული სხდომა ხმამაღალ სკანდალად იქცეოდა. ნინო გვენეტაძემ ვერც სასამართლოებში დაამყარა წესრიგი - სასამართლო პროცესები გახმაურებულ საქმეებზე, როგორებიცაა ციანიდის საქმე, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმე - დიდი კაზუსებით ჩატარდა, ამიტომ საზოგადოებაში შეკითხვები, ეჭვები, აღშფოთება და მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რამაც ხელისუფლების რეიტინგზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა და წინასაარჩევნო პერიოდში დიდი პრობლემები შეუქმნა.

ნინო გვენეტაძემ ვერც კოლეგებთან ურთიერთობა მოაგვარა - საკმარისია, ითქვას, რომ მას კვირაობით არ ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ხოლო როდესაც ამის შემდეგ მასთან დარეკვა სცადა, გვენეტაძემ ზარებს არ უპასუხა და სარკასტული SMS გამოუგზავნა: „არ იდარდო! ყველაფერი რიგზე მექნება!“.

საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ ნინო გვენეტაძის ბედს მალე გაიზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეც, რომელსაც, სავარაუდოდ, „აშშ-ში სასწავლებლად გაამწესებენ“ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც გასულ კვირას საქართველოში მარიხუანა დაკანონდა...