საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. მხარს ვუჭერ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა უპასუხისმგებლოა.
გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.
„მოდით, ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. შემიძლია, შევუერთდე ამ 74%-ს და ალბათ, შევუერთდე 90%-ს, რომელსაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა. შემიძლია, შევუერთდე 100%-ს მოქალაქეების, ვისაც მიაჩნია, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, ზედმეტი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი. ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის მოხმარება, არც მარიხუანის, არც ნიკოტინის არ მიაჩნია სწორად, მაგრამ ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია, ამის გამო ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვარის გავლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თავისუფალი საზოგადოება თავისუფლების ზღვარს ძალიან აფართოებს.
„რაც უფრო გავაფართოებთ ამ ზღვარს, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით. რაც უფრო მეტად მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს უფლებას, თვითონ აირჩიონ, როგორ მოიქცნენ, ცუდადაც და კარგადაც. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლობაა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ესხმიან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტს თუ დავანგრევთ, ვინ დაიცავს კანონს, ყველა ინსტიტუტს თუ შევარყევთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.