აქტუალური
მიწის გადასახადი თბილისშიც გაიზარდა

mitsaთბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისსა და მის შემოგარენში მიწის გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ქონების გადასახადის გაზრდა შეეხო სოფლებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისს შემოუერთდა. ესენია: დიღომი, მშრალხევი, გლდანი, დაბა ზაჰესი, დიდგორი, ძველი ვეძისი, წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა და კიდევ რამდენიმე სხვა სოფელი. გადასახადის გაზრდილი ოდენობით გადახდა მოუწევთ მუხიანისა და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაღე ნაკვეთების მფლობელებსა და ლოტკინის დასახლების სანერგე მეურნეობას. ამ სოფლებსა და დასახლებებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე წელიწადში კარგ მიწებზე 39 ლარს შეადგენდა, მწირ მიწებზე კი – 21 ლარს. ახალი დადგენილებით კი, კარგ მიწაზე გადასახადი წელიწადში 82 ლარი იქნება, მწირ მიწაზე კი – 64 ლარი. გადასახადი თითქმის გასამმაგდა, რის გამოც მოსახლეობა უკამყოფილებას გამოთქვამს.