31 ივლისს, კონტრ-ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა...
საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ქართველი ოფიცერი, რომელიც საბჭოთა ფლოტში წყალქვეშა ატომური ხომალდით 38 წელი დაცურავდა, 1989 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1991 წლის 7 ივლისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნის შესახებ 600 კაცის პირადი შემდგენლობით. მისი პირველი სარდალი სწორედ ალექსანდრე ჯავახიშვილი გახდა და საბჭოთა წყლებში მიღებული გამოცდილება დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ჩამოყალიბებას მოახმარა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა ჟურნალისტმა, ზაირა მიქატაძემ ბატონ ალექსანდრესთან უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:
„მშობლებმა არ იცოდნენ, წყალქვეშ რომ ვმსახურობდი. დედაჩემს გაზეთების კითხვა უყვარდა, რუსული გაზეთში უნახავს ჩემზე სტატია სათაურით: „წყალქვეშა ატომური ნავის ერთადერთი ქართველი მეთაური, რომელიც თვეობით დადის წყალქვეშ“...
„გამომიძახეს მოსკოვში, საიდუმლო საზღვაო ინსტიტუტში. დაუყოვნებლივ გამოვცხადდი და იქ მეუბნება ინსტრუქტორი, მთავასარდალთან ხარ გამოძახებულიო. წყალქვეშა ნავის მეთაურს რომ მთავარსარდალი გეძახის, ეს ძალიან დიდი დიაპაზონია. იმ დროს მეორე რანგის კაპიტანი ვიყავი. მეორე დღეს, 14 საათზე შევედი საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების მთავარსარდალთან, რომელიც გაშკოვი იყო გვარად. დიდი, გრძელი კაბინეტის შუაგულში შემხვდა. მარჯვნივ დიდი გლობუსი იდგა. მიმიყვანა გლობუსთან, ხელი შემოატარა და მითხრა, შენ ამას გააკეთებ, მაგრამ ამ ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოსო. ერთი ერთზე ვისხედით. შტაბის უფროსი გარეთ მელოდებოდა. როცა გამოვედი, მკითხა, რა უნდოდაო? ტყუილი ვუთხარი, შემეკითხა, ახალი გემი როგორ მოგწონსო?! დავბრუნდი ბაზაში. ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი, „კაგებე“, პოლიტხელები... „ცივი ომი“ იყო და დაზვერვა მუშაობდა.
მოკლედ, მივიღე საბუთების საიდუმლო პაკეტი: გამევლო არქტიკის ყინულები და ჩრდილოეთ პოლუსით გადავსულიყავი წყნარ ოკეანეში. არ მომეწონა ეს მარშრუტი, რადგანაც ყინულების ქვეშ სიღრმეები არ არის და იქ თუ რამე დამემართებოდა, კაციშვილი დამხმარე არ მეყოლებოდა. გავიდა დრო, მოსკოვის მთავარი შტაბიდან მეორე პაკეტიც მოვიდა. გადასვლა იქნებოდა ოკეანეების შემოვლით. ე.ი. ატლანტისა და წყნარი ოკეანეები უნდა გამევლო. ღამის 4 საათზე ვაპირებდი გასვლას. გამომიძახა ჩრდილოეთის ფლოტის სარდალმა, ხვალ მთელი ფლოტილია იქნება მოწყობილი, დაახლოებით 1000 ადამიანი, ორკესტრი და ასე გაგაცილებთო. არადა, ჩუმად უნდ გავსულიყავი.
არ მომეწონა ღიად გასვლა. ჯერ უნდა გავსულიყავი ბარენცის ზღვაში და იქ ჩამეყვინთა. მანამ იქ მივიდოდი, მთელი ავიაცია და კოსმოსი დამაფიქსირებდა. მეორე დღეს გავედი ბარენცის ზღვაში, იქ კი კვალი ავურიე აგენტურას. უნდა გავსულიყავი ნორვეგიისკენ და იქედან ატლანტის ოკეანეში. მე წავედი ჩრდილოეთით, არქტიკაში, ცოტა ხანი იქ ვიარე და მერე დავბრუნდი. ამ მანევრმა თავისი როლი ითამაშა. 75 დღე მოვანდომე ატლანტიკისა და სამხრეთ ამერიკის გავლასა და წყნარ ოკეანეში გადასვლას. ერთი თვე მივდიოდით წყნარ ოკეანეში. სახელი გაამართლა, შტორმი ერთხელაც არ ყოფილა მართლა წყნარი იყო. მერე, როცა კამჩატკაზე დაგვაბრუნეს, სულ შტორმებში გვიწევდა სიარული. ჩვენს ეკიპაჟს შტორმის ეკიპაჟს ეძახდნენ. ორი შტაბი მართავდა ჩემს სვლას. როგორც გითხარით, 75 დღე მოგვიხდა ამ ცურვის შესრულება. ამის შესახებ არსად ვლაპარაკობდი, მაგრამ ჟურნალისტების ამბავი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ“.
საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტებში 38 წელი ვიმსახურე. ეს წლები ჩემთვის არავის დაუფასებია. ბრიგადის მეთაური ვიყავი, წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლის მოადგილეც. სულ ბოლო ადმირალის თანამდებობა იყო. როცა წყალქვეშ შემოვლა დავამთავრე, მოსკოვში საბჭოთა კავშირის გმირობაზე წარმადგინეს. კრემლში ასე უთქვამთ, ძალიან გრძელი გვარი აქვსო. ანუ რუსი რომ ვყოფილიყავი, გმირობას მოვიღებდი. 1985 წელს კონტრ-ადმირალის წოდებაზე წარმადგინეს, მაგრამ არ მომანიჭეს. მადლობის წერილებს არ მაკლებდნენ, წინსვლის საშუალებას კი არ მაძლევდნენ. როდესაც შევხედე, რომ მავალებდნენ რთულ და სარისკო დავალებებს, რასაც პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ დაფასება არ მქონდა, მივატოვე საბჭოთა ფლოტი და 1989 წელს საქართველოში დავბრუნდი.’’
„პრეზიდენტმა გამსახურდიამ სამხედრო საზღვაო ძალების შექმნის სამმართველოს უფროსად დამნიშნა. მარტო მე ვიყავი მეზღვაური, მთელი საქართველო გადავატრიალეთ, სამხედრო კომისარი, გენერალ-ლეიტენანტი შარაშენიძე მეხმარებოდა, ვერ ვიპოვეთ ვერცერთი სამხედრო მეზღვაური. ვიყავი მხოლოდ მე. მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიაში შეგვექმნა ჩვენი ოფიცრების მომზადების სისტემა, რაშიც აჭარის ხელმძღვანელობა დამეხმარა და დავაარსეთ სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი შტურმანისა და მექანიკოსის სპეციალობებით. ახლა რომ სანაპირო დაცვაში დგანან, სულ ამ ფაკულტეტის დამსახურებაა. ჩემს კისერზე გაიარა ამ ფაკულტეტის გამართვამ. ლენინგრადიდან ჩამოვიტანე პროგრამები და გადავაკეთეთ ჩვენი ხომალდების შესაბამისად.
ამ ხანში აფხაზეთის ომი დაიწყო. ხალხის გადაყვანა აფხაზეთში და იქედან გამოყვანა, ავიაციასთან ერთად, ჩვენ უნდა შეგვესრულებინა. პროფესიონალი სამხედრო კაპიტნების დახმარებით 42 ათასი ადამიანი მხოლოდ სოხუმიდან გამოვიყვანეთ. საბჭოთა კავშირის დროს კაპიტნები ყველა სამხედრო მიმართულებით მზადდებოდა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება.’’...
‘’საქართველოში ამერიკის ელჩი ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე თათბირზე. ერთხელ სადილზე მიმიწვიეს და დამსვეს ელჩის გვერდით. თითო ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ასეთი საუბარი დაიწყო. ახლა ჩვენთან არის ადამიანი, რომელიც თავისი რაკეტებით ვაშინგტონს და ნიუ-იორკს უმიზნებდაო. მივხვდი, რომ პროვიკაციას მიწყობდა. დღეს იგი ჩვენი მეგობარიაო, დაასრულა საუბარი ელჩმა და ჩემი სადღეგრძელო დალია. მეც ხომ უნდა მეთქვა რაღაც?! ავდექი და ვთქვი, კი, ასე იყო, 13-ჯერ ვიყავი ოკეანეში, რათა თუ ბრძანება იქნებოდა, ბირთვული იარაღით თქვენი ქალაქები გამენადგურებინა-მეთქი. მე ვნახე თქვენი რუკა, ხმელთაშუა ზღვიდან თქვენი ხომალდების მეთაურები როგორ უმიზნებდნენ თბილისს. ასე რომ, ცივი ომი იყო თუ ჩვენ ვუმიზნებდით ვაშინგტონს, თქვნი ბიჭები თბილისს უმიზნებდნენ-მეთქი“.
ღვაწლმოსილი მეზღვაური კაპიტნის ფორმით დახვდა ჟურნალისტს. მკერდზე მეთაურის ნიშანი ეკეთა. ფოტოს გადაღება სთხოვეს. ხელჯოხი დააგდო, ფეხზე დადგომა გაიუჭირდა, სკამი შეაშვლაეს, დაეყრდნო და წელში გაიმართა, თითქოს, შტურვალთან დადგაო. დადგა იმ მოდელირებული ბირთვული ხომალდის გვერდით, რომლითაც იგი „ცივი ომის“ დროს ბალისტიკური რაკეტების სამიზნეებს იცავდა, მათ შორის, მშობლიურ თბილისსაც...
უფალმა გაანათლოს ატომური წყალქვეშა ხომალდის ერთადერთი ქართველი მეთაურის, ალექსანდრე ჯავახიშვილის სული!