საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანის სამიგრაციო სამსახურმა საქართველოს 22 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი სახელმწიფო სამიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის ვუსალი ჰუსეინოვის განცხადებაზე დაყრდნობით.
მისი თქმით, მხოლოდ გასული პარასკევიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლენილია 74 უცხოელი, რომლებმაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამიგრაციო კანონმდებლობა დაარღვიეს.
57 მათგანის მიმართ უკვე გატარებული შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები, ხოლო დანარჩენების დეპორტაციისთვის სათანადო ღონისძიებები ხორციელდება.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულ არალეგალებს შორის არიან: პაკისტანის 13 მოქალაქე, რუსეთის 12 მოქალაქე, თურქეთის 10 მოქალაქე, ბანგლადეშის 6 მოქალაქე, ერაყის 6 მოქალაქე და თურქმენეთის, ეგვიპტის, ირანის, ინდოეთის და მოლდოვას თითო მოქალაქე.