საზოგადოება
ათასობით ქართველი თურქეთში ჩაის პლანტაციებში მუშაობს

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე თურქეთში, რიზეს პროვინციაში ჩაის პლანტაციებში მუშაობს, ათასამდე ადამიანი კი - ჩაის ფაბრიკებში, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ხუთ ქარხანაში შეხვედრები გამართეს თურქეთში დროებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებთან. მათ განუმარტეს მათი უფლებები, უფლებრივი მდგომარეობა და როგორ მიიღონ მუშაობის ნებართვა.

ქართველ დიპლომატებს თან ახლდა ექიმი, რომელმაც მუშებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, როგორ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას თურქეთში მუშაობის დროს.

მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოს ტოვებენ, უმუშევრობა და უკეთესი ცხოვრების ძიებაა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2017 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა. ამასთან, უმუშევრები ქალებს შორის მეტი არიან.