დღეს, 16 თებერვალს, თბილისში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე ,,აკადემიური პალმის რტოს” ორდენებს გადასცემს განათლების სფეროში მოღვაწე სამოქალაქო პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.
აღნიშნული ორდენი სამი ხარისხისაა: კავალერის, ოფიცრისა და კომანდორის.კავალერის ხარისხის ორდენებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანისტიკის მიმართულების პროფესორი სიბილა გელაძე, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი ირინა ტუხულოვა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი და მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლის დირექტორი ვაჟა ცხოვრებაშვილი, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი რომანისტიკაში ქეთევან ჯაში დაჯილდოვდებიან;
ოფიცრის ხარისხის ორდენი გადაეცემა თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორს რომანისტიკაში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის – ,,რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი” – დირექტორს, ფრანკოფონული კვლევების საერთაშორისო საბჭოსა და ფილოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელს ქ-ნ მზაღო დოხტურიშვილს.
,,აკადემიური პალმის რტოს” ორდენებით დაჯილდოება ჯერ კიდევ 1808 წლიდან ნაპოლეონ პირველმა დააკანონა, 1955 წელს კი პრეზიდენტმა რენე კოტიმ მას ახალი სტატუსი მიანიჭა და შემოიღო ჯილდოების მოქმედი იერარქია: კავალერი, ოფიცერი, კომანდორი.