საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 16 თებერვალს, დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ სამღვდელოების წარმომადგენლები. აეროპორტიდან ილია მეორე საპატრიარქოში გაემართა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 9 თებერვალს ლონდონში დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს შეხვდა. ეს შეხვედრა გულითადობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კათალიკოს-პატრიარქის ვიზიტი 5 თებერვალს დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის წინამძღოლმა 6 თებერვალს ლონდონში აკურთხა წმიდა გიორგის ქართული ტაძარი. ეკლესიის კურთხევისა და წმინდა ლიტურგიის აღსრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთავარეპისკოპოსის ხარისხში აღამაღლა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპისკოპოსი ზენონი და შეკრებილ საზოგადოებას ქადაგებით მიმართა.
კათოლიკოს-პატრიარქმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა.
"გვწამს, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როცა საქართველო გამთლიანდება. საჭიროა ერის მთლიანობა. დღეს არის საშუალება, ინტერნეტის მეშვეობით ერთმანეთს დავუკავშირდეთ და მოვიკითხოთ", - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში.
ცერემონიას ბრიტანეთში მცხოვრები 1000-ზე მეტი ქართველი დაესწრო.
კათოლიკოს–პატრიარქი ლონდონში ქართული სიმღერის კონცერტს დაესწრო. მასში მონაწილეობდნენ სამების ტაძრის მგალობლები და ბრიტანეთში მოღვაწე ქართული სიმღერის გუნდები, რომელთა წევრები უმეტესად უცხოელები არიან. კონცერტს კათოლიკოს–პატრიარქის პირადი მიწვევით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი - ბადენის პრინცესა მარგარიტაც ესწრებოდა. მისმა უწმინდესობამ პრინცესას საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა, რომელზეც პატრიარქის სახელია ამოტვიფრული. ილია მეორემ კონცერტზე მისული ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც მიმართა და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
კათოლიკოს–პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის როუენ დუგლას უილიამსის მიწვეთით იმყოფებოდა.
ილია მეორემ მონაწილეობა მიიღო “მრგვალი მაგიდის” მუშაობაში, რომელიც გაიმართა ლონდონში სახელწოდებით: “დღევანდელი ეკლესიის მისია თანამედროვე სწრაფად ცვალებად საზოგადოებისა და გლობალური არეულობის ეპოქაში”.