პოლიტიკა
სანამ აფხაზეთში მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ განაცხადებდეთ, სიტუაციაში საქართველოს შიგნით გაერკვიეთ, სადაც სომხური ეკლესიების ქართულად გადაკეთება ხდება! - ბათალ კობახიამ დავით ზალკალიანს უპასუხა

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რელიგიური თავისუფლებების საკითხებზე 24-26 ივლისს ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მორწმუნეთა ფუნდამენტური უფლებები ირღვევა, ზიანდება ქართული მართლმადიდებლური ტაძრები.

„საერთოდ, ამ განცხადების კომენტირება რთულია, კერძოდ, იმის შესახებ, რომ რესპუბლიკაში ქართული ტაძრები არსებობს. ეს იგივეა, საქართველოსთან უაზრო პოლიმიკაში შევიდეთ იმ საკითხზე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. არ ვიცი, ოსეთში რა ხდება, მაგრამ აფხაზეთში თავის დროზე მე-4 მოწვევის დეპუტატებმა მიიღეს კანონი „სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“, რომლის ავტორი მე ვიყავი. ის ყველა კონფესიის ადამიანებს, და არა მარტო მორწმუნე ქრისტიანებს, შესაძლებლობას აძლევს, რელიგიური გრძნობები ტაძრებში გამოხატონ, და სამოქალაქო უფლებების სფეროში კონსტიტუციურ ნორმებს შეესაბამება. ასეთი ფართო უფლებები ბევრი ქვეყნისთვის იშვიათობაა. ამიტომ მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების მიმართ უგრძნობლობის გამო ჩვენთვის საყვედურის თქმა აბსოლუტურად შეუძლებელია. შარშან აფხაზეთის ბევრი რაიონი მოვიარე. გალის რაიონში ბევრი ტაძრის აღდგენა ხდება, და სოფელ რეჩხში ახალიც კი აშენდა, რომელშიც პირადად ვნახე წირვაზე იქ მცხოვრები ბევრი ქართველი. იქ ბევრი მოქმედი ქრისტიანული ტაძარია, რომლებშიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დადიან“, - განუცხადა Sputnik-Abkhazia-ს აფხაზეთის დე ფაქტო კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილემ ბათალ კობახიამ (სრულად წასაკითხად ბმულზე გადადით) და ხაზი გაუსვა, რომ განცხადებები, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აფხაზურ ტაძრებში ღვთისმსახურებისთვის არ დაიშვებიან - პოლიტიკური სვლაა და მორწმუნეთა გრძნობების გამო წუხილით არ არის გამოწვეული.