პოლიტიკა
„ათი მცნება“ სასჯელაღსრულების მინისტრისთვის

kalmaxa_2დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა მიმდინარე წლის 7 თებერვალს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საპყრობილეებში მონიტორინგის ჯგუფების შეშვების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, როგორც სამინისტროს წინ გუშინ გამართულ აქციაზე აღნიშნეს, მინისტრს მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

ჟურნალისტები მიმართვას ამჯერად საერთაშორისო საზოგადოებას უგზავნიან და აღნიშნულ საკითხში დახმარებას სთხოვენ.

"სრულიად არაარგუმენტირებულია მინისტრ კალმახელიძის ქმედება, რატომ არ ხვდება იგი ჟურნალისტებს და რატომ არ სურს, ვნახოთ რეალური შედეგები იმ რეფორმებისა, რომელთა თაობაზეც ხმამაღალი განცხადებები კეთდება. მოგმართავთ თქვენ, საერთაშორისო უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისა და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის", – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" უერთდებიან.

მიმართვის გახმიანების შემდეგ, აქციის ორგანიზატორებმა სამინისტროს კედელზე მინისტრ კალმახელიძეს „ათი მცნება“ დაუტოვეს და პატიმართა წამების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ კალმახელიძის გამინისტრების შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებში მსჯავრდებულთა საჩივრებისა და პატიმრების სიკვდილიანობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. როგორც საქინფორმს საზოგადოება „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ იურისტმა ზურაბ დიასამიძემ განუცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საპყრობილეებში სულ 38 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ციხეების გარდა, ციხის საავადმყოფოებსა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ორგანიზაციისთვის არ მიუცია.

„ამ საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს და მონაცემებს უახლოეს მომავალში ველით“, – დასძინა დიასამიძემ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ პატიმრების ცემისა და ციხეებიდან მათი გაუჩინარების ფაქტებმაც იმატა, რაზეც ინფორმაციის მიღებას ყველაზე რთულ შემთხვევებში მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატი ახერხებს.

საპყრობილეებში, უკვე დიდი ხანია, ყოველგვარი განმარტების გარეშე არ უშვებენ არც უფლებადამცველ ორგანიზაციებს, არც მედიის წარმომადგენლებს და არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.