საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ბრალდებული პირების ქონების კონფისკაციას.
კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა დიმიტრი დბარმა აღნიშნა, რომ ცვლილებები შეეხება ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებლებს.
„საპარლამენტო კომისიამ გადაწყვიტა, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საკითხებზე, კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. ზოგიერთ მუხლში დაამატოს საჯარიმო სანქციები და ვადები. თუ ადრე სასჯელის ვადა თავისუფლების აღკვეთას 15-დან 20 წლამდე, თანამდებობის დაკავებაზე შეზღუდვას კი 3 წლამდე ითვალისწინებდა, ახალ კანონპროექტში სასჯელი თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთით ან სიკვდილით დასჯით არის ჩანაცვლებული. ამასთან, კანონპროექტი საკუთრების კონფისკაციასაც ითვალისწინებს”, – აცხადებს დიმიტრი დბარი.
მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებებით შემოღებული სანქციები იმ პირთა ჯგუფზეც გავრცელდება, რომლებსაც საზღვარზე აკრძალული ნივთიერებები დიდი ოდენობით გადააქვთ.
ე.წ. სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სანქციების გამკაცრება ასევე შეეხება პირებს, ვინც სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს და წარსულში ადმინისტრაციული სასჯელი აქვს დაკისრებული. ჯარიმა მათთვის 600 ათას რუბლს მოიცავს და მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს. ასევე უზღუდავს თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას ერთი წლის ვადით.