საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს, კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
NDI-ს წარმომადგენელთა თქმით, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია, არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის; მმართველ პარტიას („ქართული ოცნება“) ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს; გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია.
“საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია”, – განაცხადეს NDI-ს წარმომადგენლებმა.