რელიგია
ვანო ჩხარტიშვილთან ერთად, პატრიარქის გადადგომის მთხოვნელთა რიგებში ბიზნესმენი ლევან ვასაძეც არის - „რუსთავი 2“

       საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. წმინდა სინოდის გავლენიანმა წევრმა სამშაბათს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” თქვა, რომ პატრიარქს საერო პირები გადადგომას სთხოვდნენ. წმინდა სინოდის წევრის ეს სიტყვები მეორე დღეს “კურიერთან” დაადასტურა ვანისა და ხობის მეუფე ანტონმა.

“კურიერი” შეეცადა იმის გარკვევას, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც პატრიარქთან მივიდნენ და წასვლა ურჩიეს.სანდრო წყარო ყვება, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. თავად ვანო ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ის პატრიარქთან ახლოს არის, თუმცა ვერასდროს ვერ გაბედავდა მსგავსი რჩევა პატრიარქისთვის მიეცა. ჩხარტიშვილი გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელს ხელმძღვანელობს და უკვე წლებია, პატრიარქთან პირდაპირ კავშირი აქვს.

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, რომელიც საპატრიარქოს ამბებს იძიებს, ყვება, რომ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად, პატრიარქის გადადგომის მთხოვნელთა რიგებში ბიზნესმენი ლევან ვასაძეც არის.

ირკვევა, რომ პატრიარქის ტახტის გასათავისუფლებლად ღია ბრძოლა უკვე ორი წელია, მიდის. პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე კურიერისთვის გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ციანიდის საქმე ამ გეგმის ნაწილი იყო.

"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას იმის თობაზე, რომ კათალიკოს-პატრიარქს გადადგომისკენ მოუწოდებენ გარკვეული ადამიანები და ჯგუფები. გეტყვით, რომ ამ ადამიანებმა ციანიდის პროვოკაციით ვერ შეძლეს იმ შედეგის მიღება, რაც დაგეგმეს, ამიტომ სხვადასხვა ხერხით აგრძელებენ მცდელობებს, გავლენა მოახდინონ უწმინდესზე. ეს კონკრეტული მზაკვრობა მხოლოდ ერთი ნაწილია მათი მთავარი სტრატეგიული მიზნისა და მათი მიზანი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციაა. მერწმუნეთ, დღეს ისე, როგორც არასდროს, დედაეკლესიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება,“? - ნათქვამია მამა გიორგი მამალაძის წერილში.წერილი მამა გიორგი მამალაძემ “კურიერს” საკანში მეუფე გრიგოლთან 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოუგზავნა.

მეუფე გრიგოლის ნაამბობიდან ირკვევა, რომ პატრიარქს გადაგომა და საეკლესიო ტახტის დათმობა მას შემდეგ სთხოვეს, რაც მან მოსაყდრე დაასახელა, ანუ გაჩნდა კონკრეტული სასულიერო პირი, ვინც ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა.მეუფე გრიგოლის სენსაციურ განცხადებაზე ეკლესიას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, საპატრიარქო დუმს. ფაქტია, რომ ხანგრძლივ შეხვედრაზე მღვდელმა მღვდელმთავარს ისეთი რამ უთხრა, რომ მეუფე გრიგოლი იძულებული გახდა, საგანგებო განცხადება გაევრცელებინა. განცხადებაში პატიმარ დეკანოზს ფოთის მიტროპოლიტი ტრაგიკული პროცესების მსხვერპლად მოიხსენიებს. ამბობს, რომ რაც მატროსოვის საკანში ითქვა, მარტივი მოსასმენი არ არის…