პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: "გილაური აშშ-ში ოპოზიციის შეხვედრებს ბლოკავს"

alasania_irakli"ვაშინგტონში გამოაშკარავდა, რომ სხვადასხვა პირებს ჩვენი ქვეყნის პრემიერი პირადად ურეკავს და სთხოვს, ოპოზიციას არ შეხვდეთო", – აცხადებს აშშ-დან დაბრუნებული ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

ალასანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ოპოზიციონერი ლიდერების აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილი შეხვედრების დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ხელისუფლებას არ აწყობს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ობიექტური ინფორმაცია მივიდეს და, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, აწვდიან მათ ინფორმაციას.

ალასანიას ცნობით, ჯონ მაკეინთან შეხვედრისას სენატორმა იკითხა, მართლა აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციის შეცვლას, რის საფუძველზეც ალასანია ასკვნის, რომ მეკეინი არ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოში კონსტიტუცია უკვე შეცვალეს.

"ხელისუფლების ქმედებები ბავშვურ ინფანტილიზმს ჰგავს – სთხოვენ ლიდერებს, ოპოზიციას არ შეხვდეთო და ვერ ხვდებიან, რომ უკუშედეგს იღებენ. ძალიან გამიკვირდა, როცა ვაშინგტონში მითხრეს, წინა ვიზიტისას, რომ პირდაპირ პრემიერი ურეკავდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და ეუბნებოდა, ცუდად იქნება აღქმული, თუ ოპოზიციის ლიდერსალასანიას შეხვდებითო. ეს სასაცილოცაა და გულსატკენიც, რადგან პრემიერი გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული", – აღნიშნავს ალასანია.

მისი განცხადებით, ამერიკის პოლიტიკური წრეები რეალურად აფასებენ პასუხისმგებლობის მქონე ძალებს და უნდათ, სწორედ მათთან ურთიერთობის გაღრმავებით მიაღწიონ საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას.