აქტუალური
ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბატალიონი გადაამზადეს (ვიდეო)

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43- ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. საბრძოლო მომზადების ცენტრისა (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, 43-ე ბატალიონი მზად არის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს.

13-კვირიანი ინტენსიური წვრთნების შედეგად ამაღლდა ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი, მომზადების პერიოდში შემუშავებული ტაქტიკური სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით გაუმჯობესდა მართვისა და კონტროლის პროცედურები. წვრთნებში ჩართვამდე კი სრულად აღიჭურვა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინდივიდუალური და კოლექტიური შეიარაღებით.

საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) 43-ე ბატალიონის მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი როტაციის წარმატებით დასრულება აღინიშნა. 43-ე ბატალიონის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირად შემადგენლობას, ასევე აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს წვრთნების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიულოცეს (ვიდეო იხ. აქ).

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დავიწყეთ ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის არის მიმართული. 43- ბატალიონს დიდი პატივი გქონდათ, დაგეწყოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 13 კვირის განმავლობაში თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინის მაღალი ხარისხით და თანამშრომლობის საუკეთესო ფორმით, რომელიც ამერიკელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ჩამოგიყალიბდათ, მიაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, კიდევ უფრო აამაღლებს მის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტ დაცულობას. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას კი ვხედავთ სწორედ იმ გზაზე, რასაც ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება CTC-ის ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორთა, ასევე 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

უპრეცედენტო პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში 43-ე ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) 53-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი. მენტორებმა ქვედანაყოფზე დაკვირვება და საბოლოო შეფასება სპეციალური ფორმით საბრძოლო ძალის ელემენტების 6 მიმართულებით განახორციელეს: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების გამოყენება, სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები.

43-ე ბატალიონმა CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, GDRP-ის ფარგლებში მიღებული საბრძოლო გამოცდილების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა (homestation training plan) უკვე შეიმუშავა. დღეიდან ქვედანაყოფი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას. ქვედანაყოფის მზადყოფნის დონეს კი პერიოდულად მონიტორინგს გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მზადყოფნის სამმართველო გაუწევს.

13-კვირიანი მომზადების ფარგლებში 43-ე ბატალიონმა საბრძოლო მომზადების სრული ციკლი საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში გაიარა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა, ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.