საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს სასწავლო სტანდარტების შეუსაბამოა - ომბუდსმენი

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, კერძოდ, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლები მშობლიურ ლიტერატურას არა საქართველოს განათლების სამინისტროსგან, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნებიდან იღებენ, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო სტანდარტებს. ამასთან, არ არსებობს ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებული იქნებოდა ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ხელს შეუწყობდა ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხის რეგულირებას – აღნიშნულ საკითხებზე ყურადღებას სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში ამახვილებს.

საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის და არ შეესაბამება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო სტანდარტებს

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთი 2017 წელს გადავიდა, ხოლო აზერბაიჯანი ჯერ არ გადასულა 12-წლიან სასწავლო სისტემაზე, შესაბამისად, არ არსებობს ამ კლასისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელოები, რაც აფერხებს სწავლის პროცესს, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ საბოლოოდ განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა სომხური და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების შესადგენად. ამასთან, აპარატში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ახალი სახელმძღვანელოები შესაბამისობაში იყოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო სტანდარტებთან და ამავე დროს მათში ასახული იყოს შესაბამისი ეთნოსების ენის, კულტურისა და ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ელემენტები და ენობრივი სტანდარტები.

რაც შეეხება უმცირესობების განათლების საკითხების რეგულირებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება განათლების სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო, მსგავსი ტიპის ჩარჩო დოკუმენტი დღემდე არ არსებობს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ არსებობს ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც კონცეპტუალურად და სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული განათლების სფეროში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხის რეგულირებას და უწყებათაშორის კოორდინაციას.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა, რომელსაც უნდა მოეცვა ყველა საფეხურზე განათლების და ეროვნული უმცირესობების სკოლების პედაგოგიური კადრებით უზრუნველყოფის საკითხები. დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში ჩართული იყვნენ ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, დოკუმენტი არ იქნა მიღებული. სახალხო დამცველი, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გაგრძელდეს დოკუმენტზე მუშაობა, ერთიანი ხედვისა და მიდგომის ჩამოყალიბებისათვის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.