საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და ის მზად არის, გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
მათივე ინფორმაციით, დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია.
2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2017 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო.
საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა.
საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი
ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.
ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოებს ექსპორტზე უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს განეცხადა.
დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არიან, გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი მიმდინარეობს.
„2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, რაც დადგენილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ტექნიკური რეგლამენტით და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
„როსპოტრებნადზორში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, საერთო ჯამში 16 ათასი ლიტრის მოცულობისაა და რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.