საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს თვითონ არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოზიცია და მმართველი გუნდიც ამ პოზიციით ხელმძღვანელობს. ამასთან, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაიმართება.
„სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, კობახიძის თქმით, ამის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან გუნდში განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატზე ჯერ არ ყოფილა.
„კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ზოგადი მსჯელობა. როდესაც პირველადი კონსულტაციები გაიმართა, რამდენიმე კანდიდატი დასახელდა გუნდში. არის არაერთი კანდიდატი გუნდში, რომელსაც მარტივად შეუძლია პირველივე ტურში არჩევნებში გამარჯვება. ასეთი კანდიდატები გვყავს საკმარისად, თუმცა უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა დასახელებულ კანდიდატებს შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ცქიტიშვილის კანდიდატურა გუნდში დასახელდა. „იყო არაერთი კანდიდატი დასახელებული, ერთ-ერთი იყო მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა. კახი კალაძის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
„კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს, საუბარია რამდენიმე კანდიდატურაზე. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს მომავალში, კანონის შესაბამისად, დასახელდება“, - განაცხადა კახი კალაძემ.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, კალაძემ უპასუხა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. „ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა თბილისის მერმა.