უცხოეთი
დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აგვისტოში რუს კოლეგას შეხვდება

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აგვისტოში რუს კოლეგასთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჰელსინკიში მიღწეული შეთანხმება ორი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლების სამუშაო ფორმატში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შემიძლია გითხრათ, რომ მრჩეველი, ჯონ ბოლტონი რუს კოლეგას შემდეგ თვეში შეხვდება. აგვისტოში ასევე შედგება ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა“, – განაცხადა სარა სანდერსმა, თუმცა შეხვედრის ადგილმდებარეობისა და ზუსტი თარიღის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების პირველი სრულმასშტაბიანი შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია. აღნიშნული საკითხი ვაშინგტონში უკვე განიხილება.

1tv.ge