რიჟვაძემ მეჩეთით დაიწყო - აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
პოლიტიკა
რიჟვაძემ მეჩეთით დაიწყო - აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. 14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი – თორნიკე რიჟვაძეს და მის გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. განსხვავებული იყო ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია – ნაციონალურ მოძრაობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ევროპული საქართველოსადა პატრიოტთა ალიანსის წევრები კი სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ.

ახალი მეჩეთი ბათუმში უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით, – განაცხადა დამტკიცებამდე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე. შეკითხვა მეჩეთის აშენების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დასვა.

აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის, მიმდევრის უფლება და თავისუფლება. საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ახლო მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე ასევე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება და, რაც მთავარია, მეჩეთი უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით”, – განაცხადა რიჟვაძემ.