საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 4 ივლისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და კენჭი უყარეს.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო კანონპროექტი „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები. პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ასევე, მესამე მოსმენით იქნა განხილული და 77 ხმით მიღებული ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით მკვეთრად იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შესაძლებლობები. დგინდება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას მხედველობაში მისაღები პირობების ჩამონათვალი, რაც მეტ ადამიანს მისცემს ასეთის მოპოვების შესაძლებლობას. კანონპროექტით დგინდება, რომ მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას. კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს, ასევე, აღდგენის დროებითი უფლება. კანონპროექტით, იცვლება მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზებიც. კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების განსხვავებულ მექანიზმს. განსხვავებით მოქმედი კანონმდებლობისაგან, როდესაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი, წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ასევე, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი იქნა განხილული. ამასთან, სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ოცდაცხრა თანმდევ კანონპროექტთან ერთად. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, განხილული და მიღებულ იქნა სხვა კანონპროექტებიც.
რიგგარეშე სესიის დახურვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრს გიორგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე გაწეული სამუშაო პროცესი და მიღწეული შედეგები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.
მისი შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომელზეც, მისივე თქმით, მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტის პლენარულ ფორმატში განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.
„ჩვენ დავასრულეთ საბოლოოდ, საკონსტიტუციო რეფორმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ კანონმდებლობა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და არაერთი მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი პაკეტი იქნა დამტკიცებული პარლამენტის მიერ ამ მიზნით და ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რეგლამენტის პროექტზე მუშაობა, ეს სამუშაო პროცესი პრაქტიკულად, არის დასრულებული და უკვე საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში, დაიწყება ამ დოკუმენტის განხილვა პლენარულ ფორმატში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დემოკრატიული განვითარების კუთხით, პარლამენტის გაძლიერების კუთხით, ასევე, სოციალური მიმართულებით გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა – შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რომლითაც უმჯობესდება უსაფრთხოების სტანდარტები შრომით ნაწილში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი მივიღეთ, ასევე, იყო მნიშვნელოვანი ინიციატივა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, სადაც განხორციელდა ცვლილებები. ეკონომიკური მიმართულებით- ფინანსური ამნისტია ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ, ეს იყო ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ამ ცვლილებებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ კიდევ უფრო განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული სისტემები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმებს საშემოდგომო სესიისთვის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იქნება კონკრეტული ინიციატივები პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება დაასახელა.
„პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე – ეს არის არსებული რეალობა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარლამენტის როლი მთლიანად ხელისუფლების სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები იქნება, ასევე, ჩვენს დღის წესრიგში შემდეგ სესიაზე. ჩვენ სექტემბერში ვიმუშავებთ აქტიურად, ასევე, განახლდება აქტიურად მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე ნოემბერ-დეკემბერში გვექნება აქტიური სამუშაო პროცესი და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი კანონშემოქმედებითი ფუნქციები კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა სერიოზული ახალი ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ახლაც წარმართავს მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის, ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით და გვექნება შემდგომი წინსვლა ზუსტად ამ კუთხით, ზედამხედველობის უკეთ განხორციელების კუთხით“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.