კონფედერაცია თუ ერთობლივი პროტექტორატი? - რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში საქართველოსთან კომპრომისისთვის მზად არის - არნო ხიდირბეგიშვილი
რედაქტორისგან
კონფედერაცია თუ ერთობლივი პროტექტორატი? - რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში საქართველოსთან კომპრომისისთვის მზად არის - არნო ხიდირბეგიშვილი

     რა შედეგებს მოუტანს საქართველოს 16 ივლისს ჰელსინკიში გამართული და შემოდგომაზე ვაშინგტონში მოსალოდნელი შეხვედრები რფ-სა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ერთ კვირაში ზედიზედ სამი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა და რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთეს? მკითხველთა ფართო აუდიტორიის უზარმაზარი ინტერესის გათვალისწინებით, ვეცდები, ამ შეკითხვებზე მაქსიმალურად ღიად და მარტივად ვუპასუხო.

14 ივლისს, სააგენტო News Front-ის პროგრამის „Мнения“ სერგეი ვესელოვსკისთან ერთად პირდაპირ ეთერში, აგრეთვე პუბლიკაციაში Sputnik-ზე „ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის გაკვეთილები საქართველოსთვის“ მე განვაცხადე, რომ ალიანსში ახალი წევრების, მათ შორის - საქართველოს მიღების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს აშშ-ის პრეზიდენტი, და არა წევრი ქვეყნების კონსენსუსი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 11-12 ივლისის ბრიუსელის სამიტმა, სადაც დონალდ ტრამპმა ნატოს სახელით საქართველოს წევრობაზე უარი უთხრა („შანსი ექნებათ, მაგრამ არა ახლა“).

ამით მეორე პროგნოზიც გამართლდა - 22 ივნისის, როდესაც რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ „საქართველოს შესვლა ნატოში მითია, მას სამიტზე ამას არავინ დაჰპირდება“, და რომ „საქართველო კი არ შედის ნატოში, არამედ ნატო შემოდის საქართველოში, რაც რუსეთის აშფოთებს, იმიტომ რომ ნატოს საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ბაზების გახსნა და იქ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განლაგება სურს“. ეს, პრაქტიკულად, გაიმეორა პუტინმა 16 ივლისს ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც განაცხადა, რომ კონსენსუსის გარდა, „ნატო ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივ საფუძველზე მუშაობს, როგორც პოლონეთთან და რუმინეთთან, სადაც ახლა აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტებია განლაგებული. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან პირდაპირ ემუქრება მის უსაფრთხოებას“ და რუსეთის რეაქცია უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე „უკიდურესად უარყოფითი“ იქნება.

ამას მოჰყვა ორი განცხადება საქართველოს თაობაზე ერთსა და იმავე დღეს, 19 ივლისს, ჯერ - რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, შემდეგ კი - პუტინის გამოსვლაში რფ-ის ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან თათბირზე, რომლებიც ქართულმა ისტებლიშმენტმა რატომღაც აღიქვა, როგორც ურთიერთსაპირისპირო. სინამდვილეში ეს მხოლოდ „მედლის ორი მხარეა“, „თაფლაკვერი და მათრახი“, რაზეც უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდეთ.

დასაწყისისთვის - რამ გამოიწვია ისინი? ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, 3 ივლისს, მე განვაცხადე, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სრულმასშტაბიანი დარეგულირება მოსკოვის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ შესაძლებელია, დადგეს ჰელსინკიში ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმებების კონტექსტში გლობალურ პრობლემებზე - როგორიცაა სირია, ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ისრაელის უსაფრთხოება, უკრაინა, ჩრდილოეთ კორეა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ის გამოსვლა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან, აშშ-ის გამოსვლა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან“ და ა.შ.

როგორც ჩანს, რაღაც შეთანხმებები ტრამპსა და პუტინს შორის ჰელსინკიში შედგა, თუმცა საჯაროდ საქართველოზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. „დონალდ, ნატოს სამიტზე ბრიუსელში თქვენ საქართველოს ხილულ მომავალში გაწევრიანებაზე უარი უთხარით. გეთაყვა, ნუ განალაგებთ იქ ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, ნუ მაიძულებთ, „ხანჯალი“ ამოვიღო! სამაგიეროდ, რუსეთი ამის სანაცვლოდ...“, - ალბათ, პუტინმა ტრამპს რაღაც ამის მსგავსი უთხრა პირისპირ საუბრის დროს, და ტრამპმა, როგორც ჩანს, პუტინს ასეთი გარანტია მისცა. არავინ იცის, რა ეწერა პუტინის მიერ ტრამპისათვის გადაცემულ იმ ბარათში, მაგრამ ჰელსინკიში შეიძლებოდა, ყველაფერი ნებისმიერ წუთს შეცვლილიყო მაღალი ტრამპის გამო, რომელიც პირველად იყო იძულებული, ოპონენტისთვის ზემოდან არ ეყურებინა. ამან პუტინი აიძულა, მუდმივ დაძაბულობაში ყოფილიყო, რათა მოლაპარაკების დადებითი შედეგები ბოლომდე მიეტანა და უცერემონიო ჟურნალისტებისთვის დაუფიქრებელ ემოციურ გამონათქვამებზე ტრამპის პროვოცირების საშუალება არ მიეცა. ერთობლივი პრესკონფერენცია გაიხსენეთ: თუკი ტრიბუნის ზემოთ ეს მშვიდი, ენამოსწრებული და კეთილგანწყობილი პუტინი იყო, ძიუდოს ოსტატის ფეხები კი მუდმივად ამოწმებდნენ დგომის სიმყარეს, როგორც ილეთის წინ!

ასეა თუ ისე, გარკვეული შეთანხმება საქართველოსთან დაკავშირებით მიღწეული იქნა, რის შემდეგაც მოსკოვში გადაწყვიტეს, „ხარისთვის“ ანუ საქართველოსთვის ჯიუტ „რქებში“ ხელი ჩაევლოთ და რაც შეიძლება მალე დაებრუნებინათ „ჭეშმარიტების გზაზე“, 1 - სანამტრამპმა არ გადაიფიქრა, 2 - სანამ ტრამპი პრეზიდენტია, 3 - სანამ ხილის საშემოდგომო მოსავლის კრეფის დრო დადგება სომხეთში, რომელიც ლარსის ალტერნატიული მარშრუტის გახსნას ითხოვს ცხინვალის გავლით, პერსპექტივაში კი - რკინიგზის ამუშავებას აფხაზეთის გავლით. აი, რით იყო გამოწვეული ზემოთ მითითებული ორი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით გასულ ხუთშაბათს, დილით - ზახაროვასი, ხოლო საღამოსკენ - პუტინის!

მარია ზახაროვამ ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 19 ივლისის ინტერვიუში, პრაქტიკულად, შეეპასუხა მე, რომელმაც 3 და 14 ივლისს საქინფორმის ვებგვერდზე და News Front ის პირდაპირ ტელეეთერში განვაცხადე, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სრულმასშტაბიანი დარეგულირება მოსკოვის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას. მარია ზახაროვამ, პირიქით, განაცხადა: „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზებით. ორი ქვეყნის ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზაცია როგორც რუსეთის, ისე საქართველოს, და ორივე ქვეყნის ხალხების ძირეულ ინტერესებს შეესაბამება. ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში პროგრესი თბილისის პოლიტიკურ ნებაზე და რეალიზმზეა დამოკიდებული, რუსეთის მხრიდან ამ პროცესში რაიმე დაბრკოლება არ არსებობს“.

მაგრამ რას გულისხმობდა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი „სრულმასშტაბიან ნორმალიზაციაში“? შეუძლებელია, ზახაროვას არ ესმოდეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სრულმასშტაბიანი ნორმალიზაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო თვითონ იქნება სრულმასშტაბიანი - სოხუმითა და ცხინვალით! სწორედ ეს შეესაბამება ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს, მაგრამ ამ პროცესს დღემდე რუსეთი უშლიდა ხელს! ესე იგი, მოსკოვის მიდგომებმა შეცვლა დაიწყო?

ანდა რას ნიშნავს „თბილისის პოლიტიკური ნება და რეალიზმი“? საგარეო პოლიტიკაში დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შებრუნებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას? მაგრამ ზახაროვას, ეჭვგარეშეა, ესმის, რომ ასეთი „რეალიზმი“ თბილისისთვის ცუდი მოტივაციაა მოსკოვთან დიალოგის საწარმოებლად „კეთილმეზობლური ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზაციისთვის“!

შემდეგ: „ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივებს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან... თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი, რომ ქართველები დაფიქრდნენ - ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის? საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში... ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედება ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად უმადური და არაკეთილშობილი საქმეა“, - აცხადებს ზახაროვა იმავე ინტერვიუში.

მომიტევეთ, მაგრამ აქაც ცოტა გაუგებარია - საქართველოში აშშ-ზე განაწყენებული სწორედ იმიტომ არიან, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო არ გამოაცხადა, ყირიმის გამო კი - გამოაცხადა! ასე რომ, თუკი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მიზეზად საქართველოც დასახელდება, პირიქით - ეს მისი ინტერესების დაცვაზე, ზესახელმწიფოებს შორის განხილვის ღირსად მათ აღიარებაზე იმეტყველებს, და არა ტერიტორიებისა და მართლმადიდებლობის ნელ-ნელა დამკარგავი ქვეყნის „სხვის გეოპოლიტიკურ ინტერესებში“ გამოყენებაზე!

რაც შეეხება „უმადურ და არაკეთილშობილურ საქმეს“: ნუთუ მოსკოვში არ იციან, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა შიში - აქაოდა, რუსეთი მთლიანად საქართველოს ანექსიას მოახდენს მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო, მათ შორის, თავისი სტრატეგიული მოკავშირის სომხეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით „სიცოცხლის გზების“ გასახსნელად? დასავლეთი საქართველოს ამაში არწმუნებს, რუსეთი კი გადარწმუნებას არ ცდილობს, განა ეს კეთილშობილება და მადლიერებაა ერთმორწმუნე ქვეყნის მიმართ, რომელთანაც ძველი „სრულმასშტაბიანი კეთილმეზობლური ურთიერთობის“ აღდგენას აპირებ?! შედეგად, როდესაც რუსეთი ნდობით აღსავსე საუბარს არ კადრულობს, საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთთან ტერიტორიების დასაბრუნებლად ომისთვის კი არა, რუსეთისგან დაცვის მიზნით უნდა! აქედან გამომდინარე, თბილისის ოფიციალური პოზიციით, „ნატო საქართველოში - ეს რუსეთის წინააღმდეგ არ ხდება, მეტიც - სტაბილური და ძლიერი მეზობელი საქართველოს სახით რუსეთის ინტერესებშია“...

ახლა შეგახსენებთ ზემოთ მითითებულ ფრაგმენტს ვლადიმერ პუტინის გამოსვლიდან რფ-ის ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან თათბირზე: „აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, თანაზომიერი რეაქცია გვექნება. ჩვენს კოლეგებს, რომლებიც გამწვავებაზე თამაშობენ, ცდილობენ, მათ შორის - უკრაინის ან საქართველოს ალიანსის სამხედრო ორბიტაში ჩართვას, ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე დაფიქრება მართებთ! ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გასაღები სწორედ იმაშია, რომ თანამშრომლობა გავაფართოვოთ და ნდობა აღვადგინოთ, და არა რუსეთის საზღვრებთან ნატოს ახალი ბაზებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლაში, რაც ახლა ხდება“.

უბრალო მოკვდავთა ენაზე ეს შემდეგს ნიშნავს: „ნატოს ბრიუსელის სამიტზე ტრამპმა საქართველოს უარი უთხრა, მე კი ჰელსინკიში დონალდი შესაძლო შედეგების შესახებ გავაფრთხილე. ამიტომ კმარა ქართველების სწავლებებით წვალება, გასულელება „არსებითი პაკეტებით“, „ჯაველინებით“, ერთობლივი ცენტრებით, კიბერუსაფრთხოებით და კონტრმობილურობით! ნუ უბიძგებთ რუსეთს თანაფარდი ზომების მიღებისკენ, როგორც 2008 წლის აგვისტოში! ნატოს მიმართ ცრუ იმედებით შეპყრობილი საქართველო ისევ დაზარალდება, როგორც 10 წლის წინ!“.

ახლა კი დასაწყისში ნახსენებ სააგენტო News Front-ის პროგრამა „Мнения“-ს 14 ივლისის პირდაპირ ეთერს დავუბრუნდეთ, ანუ ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრამდე 2 დღით ადრე, რომელშიც მისმა წამყვანმა სერგეი ვესელოვსკიორიოდე არაშემთხვევითი შეკითხვა დამისვა:

   6:30 წთ.: „მაკედონია ოთხზე დააყენეს, ისტორიული დასახელების შეცვლა აიძულეს და უთხრეს - მორჩა, შემოდით ნატოში! ჩერნოგორია სერბეთს მოსწყვიტეს და ისიც შეითრიეს! აი, უკრაინასთან და საქართველოსთან რატომღაც ასე არ გამოდის... იქნებ ბოროტების სათავე რუსეთია, რომელმაც შეფარვით განმარტა - რა მოხდება, თუკი უკრაინა ან საქართველო ნატოში შესვლას ეცდებიან? იქნებ რუსეთისთვის დამიზნებული რაკეტები გარკვეულ ზღვრამდეა და მერე ეს უმსგავსობა მობეზრდეთ?!“

   10:20 წთ.: „საქართველოს ხელისუფლებისგან მინიშნებითაც კი არასდროს მსმენია, რომ რუსეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისთვის ურთიერთქმედებისკენ, მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებისკენ მოეწოდებინა შეთანხმების ურთიერთმისაღები ვარიანტის მისაღწევად, რომელიც ყველას ხელს აძლევს! სამხრეთ ოსეთს, საერთოდ, ჩრდილოეთთან გაერთიანება და რფ-ის შემადგენლობაში დიდ ალანიაში შესვლა უნდა, მაგრამ რუსეთი ნებას არ აძლევს! ანუ კომპრომისების შესაძლებლობები არსებობს! რუსეთი ამბობს - მოდით, ვილაპარაკოთ კონფედერაციაზე, როგორც შვეიცარიაშია, უკიდურეს შემთხვევაში, ხომ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ერთობლივი პროტექტორატი?!“.

მათ საყურადღებოდ, ვინც საქმის კურსში არ არის: სერგეი ვესელოვსკი - მაღალპროფესიონალი ჟურნალისტია, პოპულარული საავტორო გადაცემის წამყვანი, რომელიც მასალას ყოველთვის ღრმად იცნობს და რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ საქართველოსადმი სიყვარულის გამო. არ ვიცი, იყო თუ არა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი მესიჯი, მაგრამ სერგეის სიტყვები შემთხვევითი რომ არ ყოფილა - ეჭვგარეშეა. და რაკი ასეა, მაშასადამე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის კონფედერაციის ან ერთობლივი პროტექტორატის ვარიანტები კრემლში მაინც ტრიალებს?! აი, თურმე, ამდენ ხანს რატომ არ იღებს რუსეთის ფედერაცია თავის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთს და ჩრდილოეთს არ უერთებს! ესე იგი, თუკი საქართველო ნატოზე უარს იტყვის, რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დააბრუნებს?! ბოლოს და ბოლოს, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ნატოში შესვლა თუ ერთიანი საქართველო აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად? იქნებ სწორედ ამას გულისხმობდა ზახაროვა, როდესაც „პოლიტიკურ ნებაზე“ ლაპარაკობდა?

P.S. ზემოთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სწორედ ასე მოხდება. მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუკი მოლაპარაკების პროცესის წარმართვისთვის მანდატს ქართული მხრიდან მცოდნე ადამიანები მიიღებენ, რომლებიც საკითხში კარგად ერკვევიან და თანამდებობაზე ან დასავლეთის და ჩრდილოეთის წინაშე ვალდებულებებზე კი არა, მხოლოდ ქართულ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავენ. მთავარია - ისევ არ გავბრიყვდეთ, როგორც სააკაშვილის დროს, რომელმაც საქართველოს ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მისცა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც, პრაქტიკულად, „დამოუკიდებელი რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს“ აღიარებს!
ხოლო ის, რომ დოტაციური „რესპუბლიკები“ - აფხაზეთი, რომელიც კრიმინალის არნახული თარეშის და ყირიმის აყვავების შემდეგ ტურისტებისგან დაიცალა, სამხრეთ ოსეთი, რომელსაც მხოლოდ რუსეთის სამხედრო ბაზები აცოცხლებს - რუსეთს კისერზე მძიმე ტვირთად აწევს, რომლისგანაც ღირსეულად გათავისუფლებაზე ის უარს არ იტყვის, უდავო ფაქტია!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

წყარო: „Sputnik – Georgia“
2018 წლის 22 ივლისი