საზოგადოება
ქართველი ექსპერტების აზრით, ნატოს სამიტიდან არაფერი წამოგვიღია, პუტინისთვის კი გზავნილები იმდენად სერიოზული იყო, უკვე ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატო-საქართველოზე - გიორგი მარგველაშვილი

       საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ქართველი ექსპერტების შეფასებაში მოვისმინე, თურმე, ნატოს სამიტიდან მნიშვნელოვანი არაფერი წამოგვიღია, რუსეთის პრეზიდეტისთვის კი იმდენად მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, ერთ კვირაში ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატოსა და საქართველოს შესახებ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებასთან შეხვედრაზე ამ საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის რეაქციაც ნათლად მიუთითებს იმ ნიშნულზე, რასაც საქართველომ სამიტზე მიაღწია.

როგორც ქართველი ექსპერტების შეფასებაში მოვისმინე, თურმე, ნატოს სამიტიდგან არაფერი წამოგვიღია ისეთი, რომელიც ჩვენი გამოჩენილი ქართველი ექსპერტების ყურადღების ღირსი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის იმდენად სერიოზული გზავნილები იყო, იმ დღის მერე ერთი კვირა გავიდა და ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატოსა და საქართველოზე. გავიგე, რომ რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია, ქართველი ექსპერტებისთვის მათ რადარს ქვევით მოხვდა და ვერაფერი დაინახეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტმა ერთი კვირის განმავლობაში, ორჯერ გააკეთა გამაფრთხილებელი შეტყობინება ნატოს თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რა ტიპის ნიშნულს მივაღწიეთ სამიტზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მან განმარტა, საქართველომ ძალიან რთულ სამიტზე, სადაც ძალიან რთული საკითხები განიხილებოდა, ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერა მიიღო.

საქართველომ ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერა მიიღო მართლაც რთულ სამიტზე. იქ, ამ სირთულეში საქართველომ მიიღო ცალკე დეკლარაცია, ანუ საქართველოს თაობაზე იყო ცალკე დეკლარაცია ქვეყნის ლიდერების დონეზე, რუსეთისთვის მტკიცე გზავნილით, რომ უნდა გაიყვანოს ჯარი; საქართველოსთვის შეიარაღების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მტკიცე დაპირებით და იმის დათქმით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის სამიტის შედეგებს მნიშვნელოვნად აფასებს.

შესაბამისად, მე, ისევე, როგორც იქ გამომსვლელი დონალდ ტრამპი, რომელმაც საქართველოზე გააკეთა კომენტარი, სამწუხაროდ - ვლადიმერ პუტინი, ამ შემთხვევაში სამიტის შედეგებს მნიშვნელოვნად ვაფასებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველ საზოგადოებას უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი გზავნილი თვითონ წაიკითხოს.

შეკითხვაზე, თუ როგორ აღიქვა პრეზიდენტმა ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები და ხომ არ შეიძლება, გარკვეული პროვოკაცია იგეგმებოდეს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უპირველესად, ამას რუსეთის მხრიდან თავდაცვად აღიქვამს.

პირველ რიგში, მე ამას აღვიქვამ, როგორც თავდაცვას იმ დიდი წარმატების ფონზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს არის რუსეთის თავდაცვა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხოეთში აკრედიტებულ რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ. ასევე, პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.