საზოგადოება
დღეს, ერთიანი გადახდის წესის გაუქმების მოთხოვნით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა საპროტესტო აქცია სს "თელასის" შენობასთან გამართეს, ისინი გადასახადების ერთიანი ქვითრის შემოღებას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.
აქციაში დაახლოებით 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა და, როგორც აქციის მიმდინარეობისას ლეიბორისტების თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პარტიამ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ერთიანი ქვითრის შემოღება არაერთხელ გააპროტესტა, მისი გაუქმების მოთხოვნით. არაერთ გზას მიმართა, კერძოდ, შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კანონპროექტი – პარლამენტში, მიმართა "თელასის" მფლობელ რუსულ კომპანია "ინტერ რაოს", თუმცა ძალისხმევამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ერთიანი გადახდის წესი მაინც ამოქმედდა.შალვა ნათელაშვილმა დღეს კომპანია "ინტერ რაოს" კიდევ ერთხელ მოუწოდა ლეიბორისტულ პარტიასთან კონსულტაციებისკენ და სათანადო რეაგირებისკენ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი მიმართა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ახალ წესს სასწრაფოდ არ გააუქმებს, ის ჰოსნი მუბარაქის ბედს გაიზიარებს. ერთიანი გადახდის ქვითარი კი მისი პოლიტიკური საფლავის ნიჩაბი იქნება.