აქტუალური
ფაშინიანი: სომხეთი ზემო ლარსის ალტერნატივის მოსაძიებლად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს

     საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ 20 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებობს შეთანხმება ახალი სქემის შესახებ, რომლის მხარე სომხეთი არ არის. ამასთან, სომხური მხარე ამ პროექტით ძალზე დაინტერესებულია.

„ლაპარაკია საქართველოს, რუსეთსა და შვეიცარიულ კომპანიას შორის სამმხრივ შეთანხმებაზე. შვეიცარიული კომპანია პირობითად უნდა დაეხმაროს იმაში, რომ საქართველოს და რუსეთის საბაჟო სამსახურებს თავიანთი უფლებამოსილებების შესრულების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მოდელი ასეთია: მათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთები უნდა დალუქონ, ხოლო შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე, ქართველი მებაჟეების თანდასწრებით და მათთან თანამშრომლობით ლუქი უნდა ახსნან. სომხეთი, რომელიც შეთანხმების მხარე არ არის, ბუნებრივია, ამ პროექტის რეალიზაციით ძალიან დაინტერესებულია“, - განაცხადა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსი და ქართველი პარტნიორები ამ პროგრამის განხორციელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ამ საქმეში ამჟამად ინფრასტრუქტურებთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. ვწუხვარ, რომ პროცესის მხარე არ ვართ და პრობლემის გადაჭრასთან წვდომა არ გვაქვს, თუმცა, ბუნებრივია, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს მექანიზმი იმუშავებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.