აქტუალური
როგორ უპასუხებს რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ნატოს ბაზების განლაგებას

     საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის ფედერაციის რეაქციის შესახებ შეკითხვით სამხედრო-სამრეწველო კომისიის კოლეგიის საექსპერტო საბჭოს წევრს, ჟურნალ „არსენალ ოტეჩესტვას“ მთავარ რედაქტორს ვიქტორ მურახოვსკის მიმართა:

„ასეთი რაღაცების გამჟღავნებას არ ვისურვებდი, რათა ხელში კოზირი არ მივცე მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პასუხის ვარიანტები უამრავია, დაწყებული საზღვაო და საჰაერო სივრცის ბლოკადით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით რადიოს ყველა არხის, სანავიგაციო საშუალებების ჩახშობით.

შესაძლებელია ზომების ძალზე ფართო სპექტრი. გამორიცხული არ არის ჩვენი საზღვრის სიახლოვეს ახალი საჯარისო შენაერთების და შეიარაღების ყველაზე ეფექტიანი ტიპების განლაგებაც. კაცმა რომ თქვას, ეს პრაქტიკაში უკვე ვნახეთ. უკრაინაში 2014 წლის მოვლენების შემდეგ ჩვენ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე რამდენიმე ახალი შენაერთი - მოტომსროლელი და სატანკო დივიზიები გავშალეთ. ჩამოვაყალიბეთ პირველი სატანკო არმია, ნიჟნი ნოვგოროდიდან სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებისკენ დისლოკაცია შევუცვალეთ მე-20 საერთო-საჯარისო არმიას.

ყველა ამ ვარიანტს შეუძლია, სერიოზულად გაურთულოს ცხოვრება და ფუნქციონირება ნატოს ნაწილებს, რომლებიც დაჟინებით უახლოვდებიან რუსეთის საზღვრებს“.