საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. 11 - 12 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართა. „არ მახსენდება, რომ დღემდე საქართველოსთან მიმართებით, ასეთი პირდაპირი და საჯარო განცხადება აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტს გაეკეთებინოს! სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამგვარად უპასუხა: „საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი...“. პოლიტიკაში და ზოგადად გათვითცნობიერებული ადამიანები, ალბათ ხვდებით, რომ ტრამპის ეს ფრაზა, უწინარესად ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და აქედან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებს.
ტრამპის სიტყვების გაანალიზების შემდეგ (მან ისიც ბრძანა, რომ დღეს საქართველოს ნატო-ში მიღება არ მოხდება და „მომავალში გამოჩნდება ამის შესაძლებლობა“), არა მგონია, რომ ოპტიმისტებმა გადააჭარბონ პესიმისტებს, იმდენად სკეპტიკურია მისი შინაარსი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ არსებულ, არასახარბიელო გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტს”, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს.
ჯუმბერ კირვალიძემ პარალერი პოსტდამის 1945 წლის ივლისის შეხვედრასთან გაავლო და დასძინა, რომ ,,ამჯერად რუსეთი აშშ-სგან განსხვავებით, უკვე ფლობს ახალი თაობის ისეთ სარაკეტო სისტემას, რომლის წინააღმდეგ არსებული საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები უძლურნი არიან" და ამიტომ „არარეალურია მოლოდინი, ამერიკის მიერ რუსეთზე რამენაირი ზეწოლის”.
“ჰელსინკი, 2018 წლის ივლისი, ორმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ისტორიული პარალელი - პოტსდამი, 1945 წლის ივლისი, სამმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. რა შუაშია "ისტორიული პარალელი"? პოტსდამში, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა სსრკ-ს მმართველს სტალინს პირველად, პირადად განუცხადა, რომ აშშ-მა წარმატებით გამოსცადა ბირთვული ბომბი, ანუ აშშ-ში უკვე ფლობენ მასობრივი განადგურების იარაღს, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. სტალინმა არ შეიმჩნია, თუმცა მისთვის ცხადი გახდა, რომ მის მიერ დაგეგმილი მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური გეგმები გადაიხედებოდა, რადგანაც სსრკ მდევრის როლში ჩავარდა, ვინაიდან იგი არ ფლობდა ატომურ იარაღს.
ამდაგვარი სიტუაცია განმეორდა ჰელსინკშიც, ოღონდ პირიქით, ამ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს ტრამპს პირადად აცნობა ის, რაც რამოდენიმე თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან განსხვავებით, უკვე ფლობს ახალი თაობის ისეთ სარაკეტო სისტემას, რომლის წინააღმდეგ არსებული საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები უძლურნი არიან, მათ შორის ამერიკულებიც და მდევარის როლში, ამჯერად ვაშინგტონია!
აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე და ობიექტურად შეიძლება დავასკვნათ, რომ არარეალურია მოლოდინი ამერიკის მიერ რუსეთზე რამენაირი ზეწოლისა, ეს გამორიცხულია ზევით მოტანილი არგუმენტირებული მიზეზის გამო, რომელიც "რკინის” ლოგიკას ეფუძნება", – დასძენს ჯუმბერ კირვალიძე.
19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, თავის ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ციტატა: „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე!“
„ძალიან კარგი განცხადებაა მასმედიისთვის, მაგრამ აქ „გასაშიფრია“ ეს ფრაზა, თუ რას გულისხმობს რუსეთი ამ სიტყვებში: „ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“. მიმაჩნია, რომ:
1. რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენისათვის, მხოლოდ „საქართველოს პოლიტიკური ნება“ საკმარისი არ არის, რადგანაც სიტყვა „ორმხრივი“ გულისხმობს იმასაც, რომ ამისთვის აუცილებელია „რუსეთის პოლიტიკური ნებაც“. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგანაც მოცემულ განცხადებაში რუსეთი სიტყვას არ ძრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამ განცხადებაში ნახსენებ სიტყვა „რეალიზმზე“ დაკავშირებით, ანუ აქ, რუსეთი ხომ არ გულისხმობს მის მიერ არაერთხელ გახმოვანებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეეგუოს „ახალ რეალობას“ - აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობას“ და საქართველოს იურისდიქციაში ამ რეგიონების დაბრუნებაზე, „ფიქრიც კი უნდა შეწყვიტოს?!“;
2. აუცილებელია ორმხრივი კონტაქტი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის, რადგან მასმედიით ასეთი სერიოზული საკითხების განხილვა და მოგვარება არ ხდება;
3. ჩემი აზრით, ორივე სახელმწიფო, რუსეთიც და საქართველოც ვერ შეთანხმდებიან გეოპოლიტიკური კომპრომისული გადაწყვეტილებების გარეშე და ამიტომ, პირველივე შეხვედრისას უნდა გაირკვეს ის, თუ რა კომპრომისებზე შეუძლიათ მათ „წავიდნენ“. ანუ, სერიოზული კომპრომისების შედეგად უნდა მოხდეს რუსეთის და საქართველოს „პოლიტიკური ნებელობების“ (ნებების) თანხვედრა, ერთდროულად და მტკიცე გარანტიების საფუძველზე (საერთაშორისო მონიტორინგის მეთვალყურეობით);
4. საქართველოსთვის უმთავრესია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობების“ უკან გაწვევა (დეზავუირება) და დეოკუპაცია. რუსეთისთვის უმთავრესია, საქართველოს მიერ ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა, საქართველო-ნატო-ს კომისიის ფუნქციონირების შეწყვეტა და საქართველოს სამხედრო-ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოდ გამოცხადება (კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის ჩაწერა)“, - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.