საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

შეხვედრისას მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე, როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და, ასევე, აახლოებს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებასთან.

აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დასტურია იმისა, რომ საქართველოს კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ურყევი და შეუქცევადია.

აგრეთვე, შეხვედრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში მიღწეული წარმატებები და სამომავლო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა - განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფომები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალურად იქნეს დაჩქარებული ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. აგრეთვე, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოელერი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს წარმომადგენელი ნატოსთან ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.