"დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ახალი ნაციონალური პროექტის - "ახალი ქართული კონსერვატიზმის" წარდგენისას განაცხადა, რომ ერის ზენაციონალური იდეა არ შეიძლება იყოს მხოლოდ რიგითი მომხმარებლის ჩამოყალიბება. მაღრაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის წარსული ჩავლილი ამბავია.
"იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, წარსული ჩავლილი ამბავია და თუ ამ ლოგიკით მივყვებით, მაშინ პირველყოფილ თემურ წყობილებას უნდა დავუბრუნდეთ. წაშლილი წარსულითა და უარყოფილი ისტორიით არათუ სხვებს ვერ დავაინტერესებთ, არამედ ქვეყანას მომავლის გზასაც ვერ დავუსახავთ", - განაცხადა დავით მაღრაძემ.მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ აღებულმა ფსევდოლიბერალურმა კურსმა სრული კრახი განიცადა და ის არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებსა და მოთხოვნებს.
შეხვედრა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა და მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
დავით მაღრაძის განმარტებით, "ახალი ქართული კონსერვატიზმის" მთავარი ასპექტები კლასიკური ევროპული ტრადიციის შენარჩუნება და გაგრძელება, მოწინავე სამეცნიერო ტექნოლოგიური ცოდნის ათვისება და ადამიანის უფლებათა ჰარმონიზებაა.