პოლიტიკა
რუსეთი დაინტერესებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა სრულფასოვნად აღდგეს! - მარია ზახაროვას ექსკლუზიური ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“, - ამბობს მარია ზახაროვა.

„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში”, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი დასავლეთისა და აშშ-ის სანქციებს. მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მიზეზად საქართველო დასახელებული არ არის და რომ თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, მაშინ ქართველი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის.

„ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივებს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან. ეს აზრი მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ. ჩემი აზრით, ეს ცხადია. თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი რომ ქართველები დაფიქრდნენ - ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. ეს დასკვნა თავისთავად მოდის. საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში. არც ისე შორეულ წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა, ვციტირებ: "შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ჩემი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედება ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლდ უმადური და არაკეთილშობილი საქმეა“, - ამბობს ზახაროვა.

ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური გზავნილი თბილისის მიმართ. ინტერვიუში მარია ზახაროვა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასაც" ეხება და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის. “„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას", ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც ზემოხსენებულ საქართველოს მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთთან. ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფროტაციული და პროვოკაციულია”, - ამბობს ზახაროვა.