გიორგი გახარიას რეიტინგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - 15 ათასზე მეტი „ლაიქი“ და ათასზე მეტი კომენტარი მხოლოდ ერთ დღეში და მხოლოდ Facebook-ზე - საქინფორმი
პუბლიკაციები
გიორგი გახარიას რეიტინგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - 15 ათასზე მეტი „ლაიქი“ და ათასზე მეტი კომენტარი მხოლოდ ერთ დღეში და მხოლოდ Facebook-ზე - საქინფორმი

     მკითხველს შევახსენებთ, რომ სამშაბათს დილით, 17 ივლისს, საქინფორმმა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას წინადადებით მიმართა - მიმდინარე 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდიდან საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურა წამოეყენებინათ. საქინფორმის ზემოთ მითითებულ პუბლიკაციაში მოტანილ არგუმენტებს შეიძლება დავამატოთ, რომ მსოფლიო პრაქტიკამ ბევრი მსგავსი პრეცედენტი იცის, მაგალითად დავასახელებთ თუნდაც საქართველოში კარგად ცნობილ ნიკოლა სარკოზის - საფრანგეთის წარმატებულ პრეზიდენტს, რომელსაც არჩევამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

მეორე დილით, 18 ივლისს საქინფორმმა ზემოაღნიშნული პუბლიკაციის მონიტორინგი ჩაატარა, რომელიც, კერძოდ, სოციალურ ქსელ Facebook-ში იყო განთავსებული - როგორც საქინფორმის გვერდებზე, ისე ბევრ პოპულარულ ჯგუფში, რომლებსაც ათიათასობით მონაწილე და ხელმომწერი ჰყავთ.

მიღებულმა შედეგმა ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა - მხოლოდ 24 საათის განმავლობაში პუბლიკაცია „საქინფორმის“ ზემოთ მითითებული ინიციატივით მოიწონა („დაალაიქა“) სოცქსელის 15 ათასზე მეტმა მომხმარებელმა საქართველოდან! ასეულობით გაზიარებას რა დათვლის. კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოდ გაგვაოცა ვრცელი კომენტარების რაოდენობამ - ათასზე მეტი ერთ დღეში - და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება, რასაც „საქინფორმის“ გვერდებზე შემოსული შეტყობინებებით ვადევნებთ თვალს.

თითქმის ყველა კომენტარში მხურვალედ იწონებენ „საქინფორმის“ ინიციატივას - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წამოყენებას. თუმცა, წინააღმდეგებიც არიან - კომენტარების დაახლოებით 5%-ის ავტორები (50-მდე მომხმარებელი) გიორგი გახარიას წარმატებულ და პასუხისმგებელ მინისტრად მიიჩნევენ და მათი აზრით, „ამ, საქართველოსთვის ძნელ პერიოდში გიორგი გახარია ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - შინაგან საქმეთა მინისტრის - პოზიციაზე უნდა დარჩეს“. ზოგიერთი იმასაც კი წერს, რომ „გახარიას პრეზიდენტად არჩევა მისთვის დაქვეითება იქნება“.

გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა საქინფორმის წინადადებას - პარტიის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია მის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან - ბიძინა ივანიშვილთან ერთად. საქინფორმი მხოლოდ კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ამ წინადადებამ საქართველოს მოქალაქეთა მხურვალე და ფართო მხარდაჭერა მოიპოვა, და ამიტომ ის ობიექტური და სამართლიანია.

საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 19 ივლისი
საქართველო, თბილისი