საზოგადოება
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2018 წლის ივნისში ამ ქვეყნიდან დაახლოებით 39,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2018 წლის ივნისში გადმოირიცხა 135,1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,8%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2018 წლის ივნისში ამ ქვეყნიდან გადმოირიცხა დაახლოებით 39,2 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 0,6%-ით ნაკლებია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან რუსეთზე ივნისში 29% მოდის.

მეორე ადგილზეა იტალია — ამ ქვეყნიდან საქართველოში ივნისში გადმორიცხეს დაახლოებით 15,6 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 32,2%-ით მეტია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის პირველ ნახევარში 18,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 774,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 3,1%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-ივნისში 214,1 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის ივნისის თვეში გადარიცხულია დაახლოებით 18 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით 0,5%-ით მეტია. მთლიანობაში, 2018 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 110 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით მეტია.