საქინფორმი „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილონ
პუბლიკაციები
საქინფორმი „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილონ

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ როდესაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი საქართველოს ერთადერთ რაიონში - თბილისის მთაწმინდის რაიონში არ წამოაყენა და დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში „დამოუკიდებელ“ კანდიდატს - საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, საქინფორმმა პროგნოზი გააკეთა, რომ პერსპექტივაში მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტისთვის ამზადებენ, რომელიც უკვე ეკავა სააკაშვილის დროს, რომელმაც მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა. მაგრამ, როგორც დღეს ირკვევა, თამასის გაცილებით უფრო მაღლა გადება ყოფილა ჩაფიქრებული...

როგორც ცნობილია, აგვისტოში „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებს, რომელიც ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. და აი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება, რამაც, გასაგები მიზეზების გამო, ოპოზიცია უზომოდ გაახარა. „სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის მავთულიანი ტელეფონია, რომელიც წინ ვერაფრით წაგვიყვანს! თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევანს გააკეთებს, ვფიქრობ, ეს იქნება არჩევანი მათი დამარცხების სასარგებლოდ და ეს ძალიან კარგია, რადგანაც ეს ქართველ საზოგადოებას სურს - მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა“, - აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროინდელმა მეორე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბალერინა ნინო ანანიაშვილის მეუღლემ, ასევე ორმაგი - რუსეთისა და საქართველოს - მოქალაქეობის მქონემ, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) და სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულმა, ყოფილმა საბჭოთა დიპლომატმა, დღეს კი პროსააკაშვილური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს, როგორც ეს რუსეთის მმართველმა პარტია „ედინაია როსიამ“ ბოლო არჩევნების დროს გააკეთა, სადაც ვლადიმერ პუტინმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა - „ქართული ოცნებაც“ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში დაუჭერს მხარს, როგორც ეს 2016 წელს ზემოხსენებულ საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურების შერჩევაში მმართველი გუნდის „ორიგინალურობის“ გათვალისწინებით (როგორც 2013 წელს მოხდა ამჟამად ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით), საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრის თანამშრომლის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა (თუ სააკაშვილის რეჟიმის დროს მინისტრის თანამდებობას არ ჩავთვლით) განსაკუთრებულ გაოცებას არ უნდა იწვევდეს, თუმცა ეს - ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქინფორმი მთლიანად ეთანხმება ოპოზიციის აზრს. და არა მხოლოდ ოპოზიციის - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და ისინი სამართლიანად მოითხოვენ, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი, პარტიული კანდიდატურა წამოაყენოს. ასე მაგალითად, არსებული ინფორმაციით, ამ პოზიციას ემხრობა ხელისუფლების მცირეთაგან ერთ-ერთი პერპექტიული ლიდერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძე.

საქინფორმი
არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შერჩევისას (თუ, რა თქმა უნდა, ეს სინამდვილეს შეესაბამება) გაითვალისწინეს მისი „კარგი კავშირები“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირადად საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რის გამოც თავის დროზე სააკაშვილისგან შეირისხა. მაგრამ ეს სუსტი არგუმენტი ვერაფრით გადაწონის მრავალრიცხოვან „წინააღმდეგს“.

საქინფორმი, თავის მხრივ, სთავაზობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილონ - დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, მმართველი პარტიის წევრის, რომელსაც საამისოდ სრულიად შესაფერისი ბექგრაუნდი აქვს (წაიკითხეთ ქვემოთ):

გიორგი გახარიამ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი). 2002-2004 წლებში სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნესსკოლაში (ბიზნესის მართვის მაგისტრი). კერძო ბიზნესში მუშაობის შემდეგ (SFK Group - გენერალური დირექტორი, Lufthansa Service Holding AG - ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ- ქვეყნებსა და რუსეთში) 2013 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენად. 2014 წლის დეკემბრიდან ითავსებდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს. 2016 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2017 წლის 13 ნოემბერს გიორგი გახარია დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ერთდროულად საქართველოს ვიცე-პრემიერი გახდა.