საზოგადოება
„საქსტატი“: ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-ივნისში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 28,8%-ით გაიზარდა და 1,59 მილიარდ დოლარს გაუტოლდა

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. 2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში შემოტანილია 4,39 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია — 23%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ-ივნისში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის პირველ ექვს თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 5,99 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩაუთვლელად).

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46,8%-ს შეადგენს.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, ივნისში საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა დაახლოებით 309 მილიონი დოლარი შედგინა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 45,4%-ით მეტია.

2018 წლის მაისში საქართველოში ექსპორტის 50,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ეს რამდენიმე ფაქტორით ახსნეს, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

მთავრობა ახორციელებს ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღების ახალი ბაზრების ათვისება“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29,3%-ით გაიზარდა და 2,73 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, — ნათქვამია განცხადებაში.