პუბლიკაციები
შეხვედრა წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 13 ივლისს ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურში, უწყებას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის სამმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში კარლოტა ვალვერდემ, კოორდინატორმა თეა ქუთათელაძემ და საველე ოფიცერებმა ანნა გოგოხიამ და მზია ანთაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და პირადად, ვლადიმერ იმნაძეს, მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების მოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის და თხოვნით მოგვმართეს, თანამშრომლობის ასეთივე ფორმატი შექმნილიყო ცხინვალის (90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს) კონფლიქტებთან დაკავშირებული სამარხების მოსაძიებლად.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის დახმარებას. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების მოძიებისა და მათი ნეშტების ოჯახებისთვის დაბრუნების საქმეში თქვენი სამსახურის წვლილი მართლაც ღირებულია. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ აფხაზეთში საომარი მოქმდებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების, ნეშტების იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის დაბრუნების საქმეში, თუმცა, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ცხინვალის რეგიონზე. ამ კონფლიქტის თავისებურებიდან გამომდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების მოძიების პროცესი რთულია - მოძიებულია მხოლოდ ორი სამარხი კასპისა და გორის რაიონებში, თუმცა, ნეშტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ინფორმაციის სიმწირის გამო. საუბარია 167 უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის ინფრომაცია, რომელიც ახალი სამარხების მოძიებაში დაგვეხმარება. გვჯერა, თქვენი სამსახურის წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონში - გორში, ქარელში, კასპსა და ხაშურში, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ჩვენ ერთობლივი მუშაობით, მეტ პროგრესს მივაღწევთ. ჩვენი მხრიდან, კონფიდენციალობა გარანტირებულია’’
, - განაცხადა კარლოტა ვალვერდემ.

‘’ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონში, მაქსიმალურად ვეცდებით, დაგეხმაროთ იმ ინფორმაციის მოძიებაში, რომელიც ამ მართლა მნიშვნელოვან საქმეში დახმარებას გაგიწევთ’’,- განაცხადეს ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სამსონ ბრეგვაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ზაზა იაშაღაშვილმა.

მხარეები შეთანხმდნენ რეგულარულ საქმიან შეხვედრებზე ადგილზე, რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისთვის მათი ახლობლების ნეშტების დაბრუნების პროცესში.