საზოგადოება
გაუქმებული სამინისტროს წარმატებული მინისტრი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა კახიშვილი ინიშნება. კახიშვილი ამ თანამდებობაზე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

კახა კახიშვილი, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეფორმების კოორდინაციის საქმეში.

კახა კახიშვილი დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, რომ კოორდინაცია გაუწიოს ყველა რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც არის ჩვენი მხრიდან დაანონსებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება, ამავე დროს, შემოდგომაზე ახალი ინიციატივებიც იქნება წარდგენილი.

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც არის ინიცირებული და ამავე დროს, ახალ რეფორმებს გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში. შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც საქინფორმი იუწყება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 3 ახალი და 7 ძველი მინისტრი იქნება. აგრეთვე, ახალ მთავრობაში აღარ იქნება 3 ძველი მინისტრი სამინისტროების 13-დან (პლუს ერთი სახელმწიფო მინისტრი) 10-მდე (პლუს ერთი სახელმწიფო მინისტრი) შემცირების შედეგად. კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.