საზოგადოება
საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მის ბაზაზე შექმნილი „ევროპული საქართველო“ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც 2016 წელს მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) მისი ძველი ცნობილი წევრები ჩამოშორდნენ და საკუთარი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს, „საქინფორმმა“ არაერთხელ იწინასწარმეტყველა, რომ ეს პარტიები ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან და მათი „განხეთქილება“ ხელოვნურია. „საქინფორმს“ მაგალითად მოჰყავდა სიტუაცია, როდესაც გაკოტრებულ ბიზნესკომპანიას რამდენიმე მცირე კომპანიად ანაწევრებენ, რათა სრული კრახი თავიდან აიცილონ.

დღეს „საქინფორმის“ პროგნოზი გამართლდა -
“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციით, ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოკუმენტი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ორ პარტიას შორის მემორანდუმის ხასიათს ატარებს, სამი პუნქტისგან შედგება.

„შეთანხმების მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გადასულ საპრეზიდენტო კანდიდატს, საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთის მიმართ შეტევისა და კრიტიკისგან თავს შეიკავებენ და მესამე პუნქტის მიხედვით, არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შეთანხმებას ხელს გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე აწერენ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერები ნინო ბურჯანაძე და ყოფილი რესპუბლიკელი, ამჟამად პარტია „შენების მოძრაობის „ ლიდერი დავით უსუფაშვილი (როგორც ჩანს - მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ტანდემში), ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.