საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოში ხანძარს უკვე ორი დღეა, ებრძვიან. ხანძარი ლოკალიზებული იყო, მაგრამ ახალი კერები გაჩნდა, თუმცა, მასშტაბები არ გაზრდილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ჯაფარიძის განცხადებით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
„დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია", – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და იმერეთიდან, და ტექნიკა.