საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უნიკალურია, თქვენ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი და სანდო მეგობარი ხართ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ერთობლივი განცხადებები ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთეს.
„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ აქ და მოხარული ვარ, რომ თქვენ შემოგვიერთდით ნატოს სამიტზე ბრიუსელში. 10 წელი გავიდა, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა და მას შემდეგ ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო გახდა. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უნიკალურია. თქვენ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი ხართ და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა ნატოსა და საქარველოს უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის“, – განაცხადს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ალიანსი მადლობელია ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს კონტრიბუციის გამო და აღიარებს მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საერთო უსაფრთხოებისთვის.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს ალიანსის წევრებმა დაადასტურეს.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის მომზადების მიზნით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.