აქტუალური
საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატოს ახალი გაფართოება უნდა იყოს! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

კერძოდ, გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ილაპარაკა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რადგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხის გაუცემლობის შედეგია, რომ დღეს მივიღეთ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ. ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, და ეს პასუხი უნდა იყოს ნატოს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა. დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. საქართველო მზად არის, რომ ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის.