უცხოეთი
დონალდ ტრამპი - მე შემეძლო, აშშ ნატო-დან გამეყვანა, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შეეძლო, აშშ ნატო-დან გაეყვანა, თუმცა ეს არ იქნება აუცილებელი, რადგან ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში აშშ-ის მიმართულებით ევროკავშირის ქმედებებს უსამართლო უწოდა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ მოკავშირეები სამხედრო ხარჯებს გაზრდიან.
„ისინი ამას გააკეთებენ. ამაში ეჭვი არ მეპარება. ყველამ გამოთქვა მზადყოფნა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან სამიტის მონაწილეებს უთხრა, რომ კმაყოფილი არ იქნება, თუ მოკავშირეები თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიან.
„მე ვუთხარი ხალხს, რომ არ ვიქნები ბედნიერი, თუ ისინი თავიანთ ვალდებულებებს არსებითად არ შეასრულებენ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები იხდის დიდ თანხებს – ნატო-ს ღირებულების დაახლოებით 90 პროცენტს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეები საბოლოოდ ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
„ყველა შეთანხმდა ვალდებულებების არსებითად გაზრდაზე. ისინი ხარჯებს ისეთ დონემდე გაზრდიან, რაზეც არასდროს უფიქრიათ აქამდე“, – აღნიშნა ტრამპმა.
„ახლა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ“, -დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

1tv.ge