ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. 2005 წელს განსახილველად მხოლოდ 25 განაცხადი შევიდა, 2008 წელს საჩივრების რაოდენობამ 443-ს მიაღწია, კიდევ ერთ წელიწადში – გაორმაგდა, ხოლო გასულ წელს – ათასს გადააჭარბა.
ფინანსურ უწყებაში საჩივრების მატებას საბჭოს მიმართ გაზრდილი ნდობით ხსნიან, გადასახადის გადამხდელებს კი თავიანთი სიმართლე აქვთ - გახშირდა ჯარიმებისა და სანქციების უსამართლოდ დარიცხვა, ამიტომაც ცდიან ბედს საბჭოში, იქნებ გაუმართლოთ.ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 1362 საჩივარი მიიღო და 1263-ზე დაასრულა წარმოება. სადავო თანხამ 690.541.066 ლარი შეადგინა. საბჭომ, 420 შემთხვევაში, სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნები. 666 გადამხდელს უარი ეთქვა, 177 საჩივარი სხვადასხვა მიზეზით განუხილველი დარჩა. ყველაზე ხშირად დავა ეხებოდა არასწორად წარმოებული საგადასახადო აღრიცხვის, ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხავი საქონლის გამო დარიცხულ ჯარიმებს, საზღვარზე საქონლის გადმოტანისთვის შეფარდებულ სანქციებსა და ხარჯის დოკუმენტაციის არარსებობის გამო დარიცხულ თანხებს.