საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ჭუბერში გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების პროცესში მონაწილეობენ

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი ერთეული სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა. მძიმე ტექნიკა ალტერნატიული შემოვლითი გზის გაყვანაზეც მუშაობს.

ჭუბერში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების პროცესში მონაწილეობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულებთან ერთად საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჭუბერის თემის ყველა მოსახლეს ურიგდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჭუბერის თემში პრობლემები რამდენიმე დღის წინ მდინარე ნენსკრას ადიდებამ გამოიწვია. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე კონკრეტული ციფრები არ სახელდება. როგორც პირველ არხს ჭუბერში, საგანგებო შტაბში განუცხადეს, კომპენსაციას ყველა დაზარალებული მიიღებს.

საგანგებო შტაბის სპიკერის სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია.

დილიდან შემოვიარე ყველა ცხელი წერტილი ორივე ნაპირზე და უნდა ვთქვა, რომ დამამშვიდებელი მდგომარეობაა, ვითარება გარდატეხილია. დავათვალიერეთ სახლებიც, რომელთა გადარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გუშინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრთხე მოხსნილია. ლოკაციებზე ვითარება უკეთესია“, – ამბობს სუბარი.

მისივე თქმით, ხიდის აწყობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

თუ თავიდან ხიდის აწყობისთვის ოთხ-ხუთ დღეს ვარაუდობდნენ, ვფიქრობ, ხვალ შუადღემდე ტრანსპორტი ამ ხიდზე გასვლას უკვე შეძლებს“, – განუცხადა პირველ არხს სოზარ სუბარმა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფლების ძირითად ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა დღის განმავლობაში შუქი გათიშულია, რათა ხიდის მშენებლობა უსაფრთხოდ გაგრძელდეს და პროცესი არ შეფერხდეს. ჭუბერის თემის ზემო ნაწილში კი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან დაზიანება მასშტაბურია.

ამასთან, რაიონულ ცენტრს ჯერ კვლავ მოწყვეტილია სოფელი ტიტა და მიმდინარეობს გზების აღდგენა, მანამდე კი სოფელს საკვები პროდუქტები ცხენების გამოყენებით მიეწოდება. სტიქიის პირველ დღეებში ადგილობრივებთან კონტაქტი ვერტმფრენით დამყარდა.

მართალია, იქ რეალურად ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ უმრავი მწყემსისთვის თავშესაფრის ადგილი გახდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თავდაცვის სამინისტროს პანელური ხიდი ჭუბერის ცენტრალური ხიდის ადგილზე უნდა აეწყოს. ცენტრალური და სხვა ხიდები, რამდენიმე სახლთან ერთად, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად წყალმა წაიღო.