პუბლიკაციები
საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან რუსეთის ვიზის აღების მსურველთა რიგში ჩხუბი მოხდა

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. თბილისში, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან, სადაც რუსეთში გამგზავრების მსურველები კონსულთან შესვლას და პასპორტში რუსეთის ვიზის ჩარტყმას ელოდებიან - ხმაურია. ადგილზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფება. ხმაური რიგის დაცვის პროცედურას უკავშირდება.

გუშინ მოქალაქეებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ორი ქალი ერთმანეთს ხელითაც შეეხო, რასაც მოჰყვა ხმაური და კივილი. საელჩოს წარმომადგენლები გაბრაზდნენ და დილის 11:00 საათზე ოფისი დაკეტეს. ახლა ვდგავართ პატარა ბავშვებით სიცხესა და მტვერში ქუჩაში, სადაც არის ავტომობილების სწრაფი მოძრაობა.

გუშინ საელჩო საერთოდ დაკეტეს და ასობით ადამიანი, ვინც სხვადასხვა ქალაქებიდან ვართ ჩამოსული, უპასუხოდ დაგვტოვეს. ეს არის უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი“, – განუცხადა პირველ არხს რუსეთის ვიზის მიღების მსურველმა.

თბილისში, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან მომხდარ უმსგავსობებზე არაერთხელ იუწყებოდა საქინფორმი, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ბევრი სხვა ქართული მედიასაშუალება.

“დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის გზა ისევე დაკეტილია, როგორც სააკაშვილის დროს. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც რუსეთში წასვლა უნდა, დღესაც თავიდანვე გაყალბებისკენ უბიძგებენ: მან რუსეთში ნათესავები ან ნაცნობები უნდა იპოვოს, თუნდაც ასეთები არ ჰყავდეს (!), ანდა რომელიმე ორგანიზაციის მეშვეობით კულტურულ ღონისძიებაზე ან საქმიანი მიზნით ფიქტიური მიწვევა მიიღოს. ამის შემდეგ ორი თვე უნდა ელოდოს რიგს თბილისში რუსეთის საკონსულოში ან ქრთამი მისცეს ზემოხსენებულ რუსეთის თანამემამულეებს, რომლებიც ვიზას და მის ურიგოდ გაფორმებასაც უზრუნველყოფენ. რა შთაბეჭდილება უნდა შეექმნას ამის შემდეგ ქართველ ახალგაზრდობას რუსეთზე, განსაკუთრებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ფონზე?!”, - ნათქვამია, კერძოდ, საქინფორმის ა.წ. 3 ივლისის პუბლიკაციაში.