პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ალიანსის წესდების მე-5 მუხლთან დაკავშირებით: არ ვიცი, რა ჩაიწერება ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატოს წევრი, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პაოლო ალის თქმით, ის საქართველოს შესახებ ნატოს სამიტზე 11 ივლისს, თავის გამოსვლაში ილაპარაკებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს შესანიშნავი პროგრესი აქვს და ეს პროგრესი დასაფასებელია. საქართველოზე ვილაპარაკებ ნატოს სამიტზე, სადაც ჩემი სიტყვით გამოსვლა 11 ივლისს არის დაგეგმილი. ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და თქვენი ქვეყნის მომავალ წევრობაზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს. ჩვენ არაერთხელ ვიმყოფებოდით საქართველოში. საგაზაფხულო სესია საქართველოში გავმართეთ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება.

საქართველოს გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია ნატოს წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. მე არ ვიცი, რა ჩაიწერება ნატოს სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ ყველა ველოდებით ლიდერების შეთანხმებას და საბოლოო ტექსტს.

ვფიქრობ, რომ ნატოს წევრობა უახლოვდება საქართველოს, ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკის. ნატოს ჰყავს ასპირანტი სახელმწიფოები. ასპირანტებს დიფერენცირებული მიდგომა სჭირდებათ. ყველას თავისი მომზადების დონე, ისტორია და პროგრესი აქვს“, – განაცხადა პაოლო ალიმ.