სამართალი
ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს

arrestროგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა 14 თებერვალს, მისმა თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ჯანდაცვის სამინისტროს სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლები და ექვსი სადაზღვევო კომპანიის რვა თანამშრომელი დააკავეს.

დაკავებულებმა „ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა“.

სადაზღვევო კომპანიების დაკავებული თანამშრომლები ძირითადად სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებს კურირებდნენ. მათ შორის არიან სამი ხელმძღვანელი პირი კომპანიიდან „ალფა“, ასევე „იმედი-ელის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ასევე GPI Holding-ის, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“, „ალდაგი ბი სი აის“, „ირაოს“ ხელმძღვანელი პირები და „აი-სი ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომელი.

თებერვლის დასაწყისში საქართველოს კონტროლის პალატამ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „მკაცრი სახელმწიფო რეგულირების“ არ არსებობის და სადაზღვევო კომპანიების „არაკეთილსინდისიერი ქმედებების“ გამო, ბოლო სამი წლის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟამ 60%–ს გადააჭარბა.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრმა, GPI Holding–მა, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ათი კომპანიიდან ერთ–ერთი უმსხვილესია, უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ კონტროლის პალატის ციფრები გაბერილია; 2 თებერვალს კომპანიამ საკუთარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მისი მოგების მარჟამ პროგრამიდან, დაახლოებით, 7.1 % შეადგინა ბოლო 4 წლის მანძილზე, ხოლო წმინდა მოგებამ 2007–2010 წლებში 5.5 მილიონ ლარს მიაღწია.