პოლიტიკა
უნგრეთმა, შესაძლოა, უკრაინა-საქართველო-ნატოს სხდომის შემაჯამებელი განცხადება დაბლოკოს

     საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ნატოს ორდღიანი სამიტი ხვალ, 11 ივლისს ბრიუსელში გაიხსნება. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, სამიტის ფარგლებში გაიმართება უკრაინა-საქართველო-ნატოს სამმხრივი სხდომა.

„უკრაინამ შეძლო უნგრეთის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მისი მონაწილეობის დაბლოკვისთვის გვერდის ავლა, მაგრამ ბუდაპეშტს შეუძლია, სხდომის შედეგების შემაჯამებელი განცხადება დაბლოკოს“, - განაცხადა ალიანსთან არსებული უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ. „ჩვენ ისევ ნატოსთან ერთად ვიკრიბებით და ვიმსჯელებთ - რამდენად წაიწიეს წინ ამ დროის განმავლობაში უკრაინამ და საქართველომ, კიდევ რა უნდა გაკეთდეს და რა დახმარების გაწევა შეუძლია ალიანსს ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პრისტაიკომ, გადმოსცემს „რია ნოვოსტი“. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ უნგრეთს შეუძლია ამ სხდომის განცხადების დაბლოკვა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ კიევისთვის უფრო მნიშვნელოვანი სამიტის დეკლარაცია იქნება.

ივლისის დასაწყისში იუწყებოდნენ, რომ „ნატოს მოახლოებულ სამიტზე საქართველო, შესაძლოა, არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუკი მას უკრაინასთან ერთ პაკეტში განიხილავენ, რადგან ბუდაპეშტმა უკვე გამოაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კიევის ინტეგრაციას დაბლოკავს“.